თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, რომელზეც ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, სააკაშვილი დარბაზში მათ გვერდით მჯდარიყო. მოსამართლემ თქვა, რომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება სასამართლოს კომპეტენცია არ იყო და მასზე პასუხი პენიტენციურ სამსახურს უნდა გაეცა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.
პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა სიტყვით მიმართვის უფლება. მოსამართლემ მას სიტყვით გამოსვლისთვის 15 წუთი განუსაზღვრა და კონკრეტულად საქმეზე ლაპარაკისკენ მოუწოდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და უკვე 5 კვირაა მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყოფშიძეს არ ეძლევა მისი ციხეში მონახულების უფლება.