მთავარი აზია სირია კარიკატურისტი ქალი სირიიდან

კარიკატურისტი ქალი სირიიდან

7 წლის წინ ამანი ალ-ალიმ გადაწყვიტა კარიკატურის ხელოვნება თავად შეესწავლა,  რადგან იდლიბში არ იყვნენ არც ქალი მხატვრები და არც ის მასწავლებლები, რომლებიც სატირული ნამუშევრების შექმნას ასწავლიდნენ მოზარდებს.

„როდესაც თავიდან ფეისბუკზე ვაქვეყნებდი ნახატებს, მეშინოდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ  კრიტიკა და დაცინვა არ ამცდებოდა. ამიტომ ხან ვაქვეყნებდი ჩემს ნამუშევრებს, ხან – არა. მერე მივხვდი, რომ ამას უნდა დავუპირისპირდე და არ უნდა მაინტერესებდეს სხვისი ნათქვამი; გადავწყვიტე, მივყვე ამ გზას და ჩემი საქმე გავაგრძელო“, – ამბობს კარიკატურისტი ამანი ალ-ალი.

37 წლის მხატვარს ბევრი პრობლემა ჰქონდა გადასალახი, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რამდენად მიიღებდა მას საზოგადოება.

ბევრი სირიელი იბრძვის თავისუფლებისთვის, ამისთვის სისხლსაც ღვრის და იძულებულია, აიტანოს რეპრესიები.

თუმცა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის უცხოა გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ისინი  ადვილად ვერ იღებენ სატირულ კრიტიკას.

ამანის სურს, თავისი ნახატებით გადმოსცეს სირიელი ხალხის ტანჯვა და ისტორია. უკვე რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაც მოეწყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიაში იყო.

ამანის პოპულარობა არ სურს. მას სხვა მიზნებიც აქვს, მათ შორისაა ქალთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. იგი ყოველთვის ასახავდა მათ ტანჯვას თავის ნახატებში.

„კარიკატურის ხელოვნება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაზეც მე ვმუშაობ, ეს დიდი ხელოვნებაა და დიდი სურვილი მაქვს, მეც საფუძვლიანად შევისწავლო ყველაფერი. მე მაქვს დიდი ამბიცია. მინდა, გავხსნა სკოლა, ვასწავლო ბავშვებს კარიკატურის ხატვა. ჩემი სურვილია,  ბევრი კარიკატურისტი ქალი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას. იმედი მაქვს და ბედნიერი ვარ იმით, რასაც აქამდე მივაღწიე და ვგრძნობ, რომ ერთ დღეს დამაფასებენ, პირველ რიგში, ჩემს ქვეყანაში”, – მიიჩნევს ამანი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend