თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია. თუმცა ნომრებში ტურისტების ნაცვლად კოვიდინფიცირებულები არიან. სასტუმრო 2021 წლის ივნისში გაიხსნა და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა კოვიდ-19-ის ტალღებმა და მსოფლიოს ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა სტუმრების 90% დააკარგვინა. სწორედ ამ დროს დაიწყეს კოვიდპაციენტების მიღება.
“ასე იმიტომ ვიქცევით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, პერსონალის შენარჩუნებაა. ზოგადად საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა პანდემიის დამთავრების შემდეგ ის იქნება, რომ არ გვეყოლება კვალიფიციური პერსონალი, რაც უკვე დღესაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – ამბობს შალვა ალავერდაშვილი ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს მფლობელი.
კოვიდსასტუმროებში ის ინფიცირებულები ხვდებიან, რომელთაც კოვიდ-19-ის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვთ. ასევე სახლში იზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ და ოჯახში ერთი წევრი მაინც არის კოვიდ-19-ის რისკჯგუფში. კოვიდსასტუმროებს კლინიკები მართავენ. ამიტომ ყველა სასტუმროს ჰყავს ექიმიც და ექთანიც, ზოგიერთს რამდენიმეც კი. 28 წლის თამარ გუდაძე ამ სასტუმროში ექიმად მუშაობს. მისი თქმით, პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იციან, რომ ნომრის კარს იქით ექიმები არიან.
„თუ რამე დასჭირდათ, დაუყოვნებლივ შეგვიძლია გავუწიოთ პირველადი დახმარება. გვაქვს შესაბამისი მედიკამენტები და შესაბამისი აღჭურვილობა. გვაქვს ასევე ჟანგბადის მიწოდების საშუალება, რაც მათთვის იმედისმომცემია. თუ რამე დასჭირდათ, რა თქმა უნდა, ჯობია, აქ იყვნენ, ვიდრე სახლში და ელოდონ დახმარებას. მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში ცოტა გართულებულია კომუნიკაციის დამყარება“, – განაცხადა თამარ გუდაძემ კორონავირუსით ინფიცირებულთა ექიმმა.
საქართველოს მასშტაბით სულ 48 კოვიდსასტუმრო და 2300-მდე ოთახია. მათგან 1969 ამ დროისთვის დაკავებულია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული კოვიდსასტუმროებში. აუცილებელად უნდა ყოფილიყო იზოლირებული სივრცე, ვენტილაციით, ასევე სხვა პირობები, რომ ინფიცირებულებს კონკრეტული პერიოდის კომფორტულად გავლა შესძლებოდათ“, – თქვა თამარ ყორიაულმა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.
საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში კოვიდსასტუმროებში 190 ათასზე მეტი პირი მოხვდა. მათგან 50 ათასზე მეტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. დანარჩენებს ან ინფიცირებულებთან ჰქონდათ ურთიერთობა ან რეგულაციების თანახმად, მოეთხოვებოდათ კარანტინის გავლა.
ანანო ღუდუშაური