ფრანგი მწერალი სოფი მერსერონი ახლა თბილისშია. ამბობს, რომ ქალაქით პირველივე დღეს მოიხიბლა. სოფი საერთაშორისო სარეზიდენციო პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. მისმა სადებიუტო პიესამ „აპრილი“ არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.
„როდესაც წერას ვიწყებ, თავდაპირველად ადგილს ვირჩევ და შემდეგ იმ ადგილას იბადებიან პერსონაჟები. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ეს ქალაქი აქამდე მხოლოდ ფოტოებით მქონდა ნანახი. როდესაც ვნახე აქაურობა, მივხვდი, რომ სრულიად შესაძლებელია, დავწერო ნაწარმოები, რომლის მოქმედებაც სწორედ ამ ქალაქში განვითარდება“, – ამბობს სოფი მერსერონი.
საპასუხოდ, თბილისთან დამეგობრებულ ქალაქ ნანტში, გაემგზავრება მწერალი ირმა ტაველიძე, რომელიც იქ ერთი თვე იცხოვრებს და იმუშავებს.
„იმდენად მივეჩვიე, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსად წასვლაზე არ უნდა მეფიქრა. ძალიან მიხარია, რომ ერთ თვეს ნანტში, საფრანგეთში ვიქნები. ვფიქრობ, რომ რომანზე ვიმუშავებ. ეს ჩემი მეორე რომანია. წინასწარ არასდროს იცი, რა მიმართულებით შეიძლება წახვიდე, სად დაიწყებ, სად დაამთავრებ.. სარეზიდენციო პროგრამები ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა – იგი საშუალებას გაძლევს, ახალ გარემოში დაინახო საკუთარი თავი“, – ამბობს მწერალი ირმა ტაველიძე.
საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა, „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროგრამის მიზანია ავტორებისთვის შემოქმედებითი სამუშაო გარემოს შეთავაზება. მის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ სრულიად უცხო გარემოში ეძებონ შთაგონება და ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე იმუშაონ.
„თავიდან სურვილი გვქონდა, რომ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი ყოფილიყო, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ქვეყანაში შევძელით მისი განხორციელება. პირველი ორი იყო უკრაინა და ესპანეთი, ახლა სტუმარი გვყავს საფრანგეთიდან სოფი მერსერონი, ასევე საფრანგეთში გაცვლითი ავტორი, ირმა ტაველიძე გაემგზავრება. შემდეგი გაჩერებაა მექსიკა, ქალაქი გვადალახარა წიგნის შემდეგი მსოფლიო დედაქალაქი“, – განაცხადა “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” პროექტების მენეჯერმა ლუკა გრიგოლიამ.
პროექტის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული ავტორები მწერალთა სახლის რეზიდენციაში რჩებიან.
“მწერალთა სახლის რეზიდენცია არის ჩვენი განუყოფელი მნიშვნელოვანი ნაწილი. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ იმ მწერლებისგან, რომლებიც აქ ჩამოდიან და რჩებიან ხოლმე. ჩვენი პირველი სტუმარი ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსეევიჩი იყო. მას შემდეგ რეზიდენცია სხვადასხვა ფესტივალსა და პროექტებში მონაწილე უცხოელ მწერლებს აქტიურად მასპინძლობს“, – ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური.
ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის დასრულების შემდეგ პროგრამა ამა თუ იმ სახით მაინც გაგრძელდება და მწერალთა სახლის რეზიდენცია კიდევ არაერთ უცხოელ მწერალს უმასპინძლებს.
ნინი დვალიშვილი