მთავარისაქართველოპარლამენტში შესაძლოა რამდენიმე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

პარლამენტში შესაძლოა რამდენიმე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

კანონების მიღება/გაუქმების, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სხვა საპარლამენტო მუშაობის გარდა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიებზე შესაძლოა საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივებითაც გამოვიდნენ დეპუტატები. ოპოზიციური ფრაქციები რამდენიმე მიმართულებით გეგმავენ საგამოძიებო კომისიების შექმნას. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ცალკე კომისიის შექმნას გეგმავს. ამისთვის კი დეპუტატების საერთო რაოდენობის 1/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან და არსებობს თეორიული შანსი, რომ მოვახერხოთ 50 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება , რათა ეს საგამოძიებო კომისია შევქმნათ. თუმცა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით საბოლოო რაოდენობა დაზუსტებული არ არის. კენჭისყრაზე მაშინ გავიტანთ, როდესაც დაზუსტებით გვეცოდინება გვექნება თუ არა 50 დეპუტატის მხარდაჭერა. ზოგადად, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით, საზოგადოება დადასტურებით გაიგებს იმ სიმართლეს, რომელიც ისედაც იცის. თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება ხელი შეუშალოს ამ კომისიის შექმნას, კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმ სისასტიკის, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰქონდა ადგილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭისყრაზე გაიტანს, მათ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უპირობო მხარდაჭერა ექნება. პარტიის თანხმობა „ლელო“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დაადასტურა.

“საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, მათ შორის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში გააქტიურება იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები, რათა საგამოძიებო კომისიებმა მუშაობა დაიწყონ. არის რამდენიმე ინიციატივა – მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია და 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. ასე რომ, რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაა და მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოახერხებს, მასში მონაწილეობას მიიღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ ფორმატშიც დაამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს.

„ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. სიახლე იქნება ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ინსტრუმენტი რაღაცნაირად გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. ამას მეტი მიზანი არ აქვს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ მიიჩნევენ, ამის საშუალება აქვთ. კომისიას თუ შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რათა საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. მიზანია, როგორმე რაღაც ბერკეტები გამოიკვეთოს, რათა საზოგადოებაში ჩანდნენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელო“-ს გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისი პირობით მხარს დაუჭერს „გირჩი“. ამ საკითხზე მხარდაჭერის აზრს ვერ ხედავენ პარტიები – „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend