მთავარიევროპაუკრაინაქალაქ ხარკოვის მცხოვრებნი ომისთვის ემზადებიან

ქალაქ ხარკოვის მცხოვრებნი ომისთვის ემზადებიან

რუსეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ქალაქებში მოსახლეობა ომის დაწყებას ელის. დაძაბული ვითარებაა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი შეიარაღებულია და პარტიზანული ბრძოლისთვის ემზადება. ხარკოვში ასევე მოწყობილია მიწისქვეშა თავშესაფრები.

ოლეკსანდრ დიკალო კბილის ექიმია. მისი კლინიკა, რომელიც 16 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს, ომის შემთხვევაში თავშესაფრად გადაიქცევა. დიკალომ იარაღის ტარება აღმოსავლეთ გერმანიაში, საბჭოთა არმიაში მსახურობის დროს ისწავლა. მისი ცოლი ხარკოვის საავადმყოფოში მუშაობს და ფრონტის ხაზზე დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს მკურნალობს. დიკალოს თქმით, იგი ქალაქის დასაცავად მზადაა.

„ყველაფერი ჩვენზე, ხარკოვის მოსახლეებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება დაგვემართოს ის, რაც დონეცკში მოხდა. იქ ადგილობრივებმა ქალაქი დათმეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივატოვოთ ქალაქი“, – ამბობს ექიმი ოლეკსანდრ დიკალო.

ბრძოლისთვის ასევე ადგილობრივი ახალგაზრდებისგან შემდგარი ნაციონალისტური დაჯგუფებები ემზადებიან. ყოველ კვირას ისინი მიტოვებულ სამშენებლო მოედანზე სამხედრო წვრთნებს გადიან.

„ხარკოვი ჩემი სახლია და მის დაცვას ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ქალაქი ფრონტის ხაზთან მდებარეობს და სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ატარებს. არ ვიცი რა მოხდება ომის დაწყების შემთხვევაში. მოხდება თუ არა ქალაქის ოკუპაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ხარკოვის მაცხოვრებლები ქალაქს ბოლომდე დაიცავენ“, – მიიჩნევს ოლეგი.

თუმცა, ხარკოვში ასევე არსებობენ ახალგაზრდები, ვისაც ომზე ფიქრი არ სურთ. მათ იმედი აქვთ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.

„არავინ აპირებს საბრძოლველად წასვლას და ეს ძალიან მიხარია. დაე, შემოვიდნენ ცარიელ ქალაქებში. რაღაც დროის მერე ხომ გაჩერდებიან. არ მინდა, რომ ვინმე მოკვდეს. ეს ჩემი მთავარი სურვილია“, – მიიჩნევს ანტონ დოცენკო.

ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 40 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვი ბრძოლის მთავარი ველი შეიძლება გახდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend