მთავარი საქართველო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ახალი საგადასახადო სისტემა ამოქმედდა

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ახალი საგადასახადო სისტემა ამოქმედდა

მუნიციპალური ტრანსპორტით ახალი სააბონიმენტო ბარათით მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:

90 წუთი ულიმიტო უფასო მგზავრობა – ერთი ლარი
1 დღიანი ულიმიტო მგზავრობა – სამი ლარი
1 კვირიანი ულიმიტო მგზავრობა -20 ლარი
1 თვიანი ულიმიტო მგზავრობა – 40 ლარი
3თვიანი ულიმიტო მგზავრობა – 100 ლარი
6თვიანი ულიმიტო მგზავრობა -150 ლარი
1წლიანი ულიმიტო მგზავრობა – 250 ლარი

თუ მოქალაქეს მგზავრობა ერთდჯერადად სურს, მას შეუძლია ისევ ისარგებლოს მეტრომანით ან საბანკო ბარათით. ამ შემთხვევაში ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად, ერთი ლარი გახდა. სხვა ტარიფების შემთხვევაში მოქალაქეებს ახალი სააბონიმენტო ბარათის შეძენა მოუწევთ.

„ვერ გავითვალისწინე და ისევ საბანკო ბარათი გამოვიყენე და ძალიან ძვირი დამიჯდა დღეს მგზავრობა. ახლა ავიღებ ახალ ბარათს იმიტომ, რომ ოთხი ტრანსპორტი გამოვიცვალე დღეს და ოთხი ლარი უკვე დავხარჯე. ერთწლიანს ნამდვილად ვერ ავიღებ, ყოველდღიურად და გაუთვალისწინებლად ალბათ უფრო ძვირი დაჯდება. სოციალური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, ყველა ჯგუფი გაითვალისწინეს. მე მრავალშვილიანი დედა ვარ და რატომღაც მრავალშვილიანი მშობლები არ არიან გათვალისწინებული თუ არ ხარ სოციალურად დაუცველი და ერთმანეთთან რა კავშირშია ვერ გავიგე“, – ამბობს მოქალაქე ხატია მიმინოშვილი.

„საბოლოო ჯამში ერთწლიანი ალბათ კარგი იქნება ჩვენი თანხების დაზოგვისთვის, მაგრამ ერთჯერადად რომ გადაიხადო 250 ლარი, საქართველოში ეს დღეს ბევრს გაუჭირდება“ – ამბობს თბილისში მცხოვრები მარიკა ჯალაღონია.

„50 თეთრს დაემატა ჩვეულებრივად 50 თეთრი. მაშინ ეს სისტემა შეექმნათ 50 თეთრიდან და არა ლარიდან. ყველაზე შეღავათიანი გამოდის 250-ლარიანი. ელემენტარული არითმეტიკაა, დაითვალონ და ნახონ“, – აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე.

თბილისის მერია ირწმუნება, რომ დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მხოლოდ 10 პროცენტს გაუძვირდა. ამ რაოდენობაში კი როგორც ვიქტორ წილოსანი ამბობს თბილისელების მცირე ნაწილი, ტურისტები და თბილისში დროებით მყოფი მოქალაქეები შედიან.

„იმ ადამიანებს რომლებიც სარგებლობდნენ მუნიციპალური ტრანსპორტით, 90 პროცენტზე მეტს ღირებულება დარჩა ან იგივე ან გაუიაფდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღიური მობილობა ითვლება ერთ მოქალაქეზე და სტატისტიკა ასეთია, რომ ერთ მოქალაქეს დღეში ორნახევარი მგზავრობა აქვს, შესაბამისად, მათი თვიური დანახარჯი შეადგენს 45 ლარს და ერთთვიანის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ და მოუწევთ ორმოცი ლარის გადახდა. შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის გაიაფდა“, – განაცხადა თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა.

დღეიდან ძალაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, ყვითელი მიკროავტობუსები ქალაქს აღარ მოემსახურება და მათ სრულად ანაცვლებს ლურჯი მიკროავტობუსები, რომლებიც ასევე ერთიან საგადასახადო სისტემაში იქნებიან ჩართული. გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა ამბობს, რომ ერთიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

სააბონიმენტო ბარათების შეძენა შესაძლებელია თბილისის მეტროს ყველა სადგურში მდებარე სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში. ბარათის ღირებულება 2 ლარია.

უახლესი

სხვა ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტისაზოგადოებრივი ტრანსპორტი

Send this to a friend