მთავარისაქართველო"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო გეგმები და პოლიტიკური მოლოდინები

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო გეგმები და პოლიტიკური მოლოდინები

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პირველ პლენარულ სხდომაში 114 დეპუტატი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში შემავალი დეპუტატები.

ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ფრაქციას საპარლამენტო ბოიკოტი ამ ეტაპზე მართებულად აღარ მიაჩნია. ამბობენ, რომ პარლამენტში კონკრეტული მიზნებით დაბრუნდნენ. მთავარ მიზნებს შორისაა რამდენიმე მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნა და აღმასრულებული ხელისუფლების კონტროლი, განსაკუთრებით კი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით.

ჩვენი ფრაქცია საგაზაფხულო სესიის მუშაობაში ჩაერთვება. ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, თუ რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა. საქმე ეხება იმას, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში, რეჟიმის მიერაა დატყვევებული. ჩვენ მიგვაჩნია და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ჩამოყალიბებულია, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებაა. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება რეჟიმის საჯარო მხილება, როგორ ეპყრობა მას რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი. სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლებით მცირედით დაბნეულია დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიცია. მათი დიდი ნაწილი, ყველაზე ძლიერი შემადგენლობის მქონე საპარლამენტო ჯგუფის დაბრუნებას მიესალმება და იმედი აქვთ, რომ მმართველი პარტიის სათანადო და საქმიან ოპონირებას შეძლებენ.

“მუშაობა აღარ მიმდინარეობდა. ყველაფერი ცირკს დაემსგავსა. ვოცნებობ ისეთ საპარლამენტო მუშაობაზე, სადაც სხდომები იმდენად საქმიანი იქნება, რომ ხალხისთვის მოსაწყენი იქნება. იმედი მავს „ნაციონალური მოძრაობა“ აქ შოუებისთვის არ დაბრუნდა. ხალხს მათთვის საჭირო საკითხებზე უნდა ველაპარაკებოდეთ და მათ პრობლემებს ვწყვეტდეთ. კარგია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი, მაგრამ ხალხს და ქვეყანას სხვა უფრო მნშვნელოვანი პრობლემებიც აქვს“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის აქტიური ჩართულობა პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობებითაა დაკავებული და საქვეყნო საკითხებზე კონსტრუქციული თანამშრომლობის ნებას ნაკლებად გამოიჩენს.

„სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიკეთის კეთება არ შეუძლია ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის და მოლოდინი არის შესაბამისი, რომ არ ველოდებით მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ წვლილს პარლამენტის მუშაობაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, ეს არის დაკავშირებული მათ წარსულთან, მათ აწმყოსთან და ამათი მომავალიც იქნება შესაბამისი. დღეს, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, მათ გაშალეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი. ამით ყველაფერია ნათქვამი, მათთვის, ქვეყანაც, სამშობლოც, სახელმწიფოც ეს ავადმყოფი კაცია. ასეთი პოლიტიკური ძალისგან და ასეთი ადამიანებისგან ბუნებრივია, სიკეთეს არაფერს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი ორჯერ გამოაცხადა. პირველად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტში შესვლას საერთოდ აპირებდნენ, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მათ ბოიკოტი შეწყვიტეს. მეორედ, პარლამენტში მუშაობა ოპოზიციურმა პარტიამ გასული წლის ივლისიდან დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში საპარლამენტო ბოიკოტი არ შეუწყვეტია.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend