მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაევროპის ენერგეტიკული სიღარიბის კრიზისი

ევროპის ენერგეტიკული სიღარიბის კრიზისი

ზამთარში მილიონობით ევროპელი მძიმე არჩევანის წინაშე დგას: ან სახლი გაათბოს, ან საჭმელი იყიდოს. ამიტომ „ევრონიუსი“ ბულგარეთში ჩავიდა, რათა საკუთარი თავლით ენახა, როგორ ეხმარება ევროკავშირის ფონდი ოჯახებს ცხელი სადილით, რათ ამათ საკუთარი ფული გათბობაზე დახარჯონ.

35 მილიონზე მეტი ევროპელი ამ ზამთარს სახლს ვერ ათბობს. ეს რაოდენობა, ფაქტობრივად, უდრის ერთად აღებული საბერძნეთის, პორტუგალიის, უნგრეთისა და ირლანდიის მოსახლეობას. ეს ხალხი  ასეთი არჩევანის წინაშე დგას: ან სახლი უნდა გაათბოს, ან საჭმელი იყიდოს. ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ე.წ. ენერგეტიკულ სიღარიბეს განაპირობებს, არის დაბალი შემოსავალი და დაუთბუნებელი შენობები.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში საწვავზე ფასის მატებამ და პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა და ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა კომუნალური გადასახადების გადახდა.

არსებით მომსახურებაზე წვდომის უფლება, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროენერგია,   „ევროპის ფუნდამენტური სოციალური უფლებების“ [The European Pillar of Social Rights] ინიციატივაშია ჩართული, რომელიც ევროპაში სოციალური უფლებების გაუმჯობესებას ემსახურება.

ევროკავშირმა უკვე განსაზღვრა ის ზომები, რომელთა მიღებასაც ქვეყნებს საწვავის ფასის შემცირების მიზნით სთავაზობს. მათ შორისაა საგანგებო ვითარების დროს ფინანსური დახმარება და საგადასახადო შეღავათები.

საფრანგეთში იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც პარიზში მოქმედ სურსათის ბანკს Banques Alimentaires-ს მიმართავს, პანდემიის დაწყების შემდეგ 30 პროცენტით გაიზარდა. ამ ბანკს ნაწილობრივ „ევროპის უღარიბესი მოსახლეობის დახმარების ფონდი“ [ FEAD –  the Fund for European Aid to the Most Deprived] აფინანსებს.

საკვების შეძენა და ენერგომომსახურებაზე გაზრდილი ფასის გადახდა ხალხს მთელ ევროპაში  უჭირს.

ბულგარეთში ბინის გათბობას მოსახლეობის ერთი მეოთხედი ვერ ახერხებს – რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემდეგ მოდის ლიეტუვა და კვიპროსი.

ევროპის დახმარების ფონდი

ზამთარში ბულგარეთში ჰაერის ტემპერატურა ძირითადად ნულს ქვემოთაა. სახლის გათბობის ხარჯი უზარმაზარი ტვირთია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ხშირად ამას ვერც ახეხებენ.

ცუდად დათბუნებული შენობები, დაბალი შემოსავალი და მიწოდებულ ენერგიაზე ფასის მატება  ენერგეტიკულ სიღარიბეს იწვევს.

კოჩერინოვო ქვეყნის დასავლეთით მდებარე  მთის პატარა სოფელია. 71 წლის ნიკოლა იქ მარტო ცხოვრობს. იგი მცირე პენსიას იღებს – დაახლოებით 150 ევროს ეკვივალენტს – რაც მინიმალური ხელფასის თითქმის ნახევარია. ნიკოლას  ენერგომომარაგებისთვის მთავრობა შემწეობას უხდის და ამ ფულით მოხუცი თავისი ღუმელისთვის შეშას ყიდულობს.

„ოქტომბერში 520 ლევი ავიღე შეშისთვის, რაც მთელი ზამთარი უნდა მეყოს. 500 ლევით ხუთი კუბური მეტრი შეშა მოდის. მე რვა ვიყიდე და სხვაობა საკუთარი ჯიბიდან დავფარე. კუბური მეტრი 75 ლევი ღირდა, ახლა 90 ღირს, 15 ლევით მეტი,“ – ამბობს ნიკოლა ტიშანსკი.

ენერგორესურსებზე ფასის ზრდამ ნიკოლას ბიუჯეტი ძალიან დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ ის სამედიცინო დახმარებასა და პენსიონერებისთვის გათვლილ კოვიდის ბონუსსაც იღებს, მაინც უჭირს ერთდროულად კომუნალური გადასახადების გადახდა, წამლებისა და სურსათის ყიდვა. ამიტომ იგი ყოველდღე სანოვაგესაც იღებს სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „ცხელი სადილი სულისთვის“ ეწოდება. ამ ინიციატივას „ევროპის უღარიბესი მოსახლეობის დახმარების ფონდი“ აფინანსებს.

ნიკოლას მსგავსად 2020 წელს ევროპის დახმარების ფონდიდან სურსათი 15 მილიონზე მეტმა ევროპელმა მიიღო. 62 წლის ეველინაც იმავე სოფელში ცხოვრობს. ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, იგი თავის მშობლებს მარტო უვლის. მათი პენსია ოჯახის ხარჯებს ვერ ფარავს. ამიტომ ეველინა სახელმწიფო შემწეობას იღებს და თავი ასე გააქვს.

„მე მივიღე შემწეობა გათბობისა და სურსათისთვის, ასევე ასისტენტი მოდის და მეხმარება. ასე ბევრად უკეთესია, რადგან  ახლა სადილს მაინც აღარ ვამზადებ,“ – გვიხსნის ეველინა პროსენიკოვა.

ბულგარეთში მოხმარებულ ენერგიაზე გადახდილი თანხა საოჯახო ხარჯში ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის. 2018 წელს ეს თანხა მთლიანი ხარჯის 16 პროცენტს შეადგენდა, მაშინ, როცა შვედეთში იგივე პროპორცია მხოლოდ 4 პროცენტია.

ეველინამ შეძლო ფულის დაზოგვა და ენერგოეფექტური ღუმელის შეძენა, რომელიც გრანულებს წვავს. ეს კი შეშაზე ნაკლებად იხარჯება.

ეროვნული და ევროპული დახმარების ერთობლიობა, როგორიცაა ცხელი სადილის პროგრამა, რომლითაც ეველინა და მისი ოჯახიც სარგებლობენ, ევროპის სოციალური ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც ენერგეტიკული სიღარიბისა და ზოგადად სიღარიბის დაძლევას ემსახურება.

ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ორმაგი დახმარება აუცილებელია.

ანდრიანა სუკოვა, ევროკომისიის დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიურობის გენერალური დირექტორატის  გენერალური დირექტორის მოადგილე თვლის, რომ„ღარიბი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ ევროპის დახმარების ფონდის ფარგლებში მიღებულ დახმარებას  ეროვნული პოლიტიკა და ადგილზე გატარებული ზომებიც ახლავს თან, რაც ღარიბი მოსახლეობის პირად ხარჯს ამცირებს. ასე ისინი ახერხებენ სახლის გათბობას და მოხუცებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენას, და გაწონასწორებულად ცხოვრობენ.“

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი

ევროპაში მიმდინარე ენერგოკრიზისზე მეტის გასაგებად, „ევრონიუსი“

Jacques Delors-ის  ენერგეტიკული ცენტრის დირექტორს თომას პელერინ-კარლინს ესაუბრა.

ევრონიუსი: როგორ მოხდა, რომ ევროპაში მილიონობით ადამიანი ვერ ახერხებს სახლის გათბობას? ეს ხომ აუცილებელია, არა?

თომას პელერინ-კარლინი, Jacques Delors Energy Centre-ს დირექტორი:

„რა თქმა უნდა. ეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია, ვგულისხმობ წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული არაეფექტიანი სისტემის შექმნას. ამის გამო ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ათობით მილიონი ევროპელი სახლს წესიერად ვერ ათბობს. წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებული ყოველი კრიზისის დროს მდგომარეობა უარესდება, როდესაც საწვავის ფასი იმატებს.“

„ევრონიუსი“:  მრავალი ევროპული ქვეყანა ატარებს ზომებს დასახმარებლად. რამე სხვაობა იგრძნობა ამის შედეგად?

თომას პელერინ-კარლინი, Jacques Delors Energy Centre-ს დირექტორი:

„ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო მიღწევები იმ ქვეყნებს აქვთ, რომელთა პოლიტიკაც განახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობაზე გადასვლას უწყობს ხელს. ენერგეტიკული სიღარიბე ყველაზე მეტად ევროპის სამხრეთს აწუხებს და ეს, ცოტა არ იყოს, პარადოქსულია. ერთი შეხედვით, თითქოს რაც უფრო ცივია ქვეყანა, მით უფრო ღარიბი უნდა იყოს ენერგეტიკულად, მაგრამ რეალობა პირიქითაა. იმიტომ, რომ ენერგეტიკული სიღარიბე გეოგრაფიასა და ბუნებრივ პირობებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ პოლიტიკურ არჩევანზე.  შვედეთში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა  იმიტომ კი არ არის, რომ შვედეთის მოქმედი მთავრობაა კარგი, არამედ იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შვედეთი სახლების დათბუნებასა და განახლებად ენერგიაზე დამოკიდებული სათბობი სისტემების განვითარებაში დებდა ინვესტიციებს.“

„ევრონიუსი“ თქვენი აზრით, ევროპის დონეზე რა უნდა გაკეთდეს?

თომას პელერინ-კარლინი, Jacques Delors Energy Centre-ს დირექტორი:

„ჩემი აზრით, სამი რამ არის საჭირო. ჩვენი, ჟაკ დელორის ინსტიტუტის აზრით, ევროპის  მწვანე ხელშეკრულების ნაწილმა უნდა უზრუნველყოს, რომ ზამთარში   თითოეული ოჯახი გათბეს. ეს უნდა იყოს უპირველესი პოლიტიკური მიზანი. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? პირველ რიგში, რეგულაციებით. ეს ნიშნავს, რომ ცუდად დათბუნებული სახლების ახლიდან დათბუნება სავალდებულო გახდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს გაყიდული იქნება თუ გაქირავებული. და მესამე –  სახლის დათბუნებისთვის ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაიცეს, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბ ქვეყნებზე, მაგალითად ბულგარეთზე. ამ მხრივ ევროკომისია გამოვიდა ძალიან კარგი წინადადებით, რომელიც კლიმატის სოციალური ფონდის შექმნას გულისხმობს. ეს ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება.“

ავტორები: ნაომი ლოიდი და ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend