ტყიბულის შახტში აფეთქებები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა – ასეთია შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევის შედეგები. არსებული რეგულაციის მიხედვით, საამფეთქებლო სამუშაოები მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში აკრძალულია. უწყების ცნობით, კი აფეთქების დროს ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. საბოლოო დასკვნამდე შახტი დაიხურა და იქ სამუშაოების წარმოება აიკრძალა.
შრომის ინსპექციაში კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებენ. მათი ინფორმაციით აფეთქებითი სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს კი აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.
„საქნახშირში“ უბედური შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი აცხადებს, რომ შეიქმნა შიდა კომისია, რომლის მუშაობის დასრულების შემდეგ გასცემენ კითხვებზე პასუხს.
„არ გავუსწრებ წინ მოვლენებს, მუშაობენ სამართალდამცავები, მუშაობს პროკურატურა, ახლა შეიქმნება ჩვენი შიდა კომისია, რომელიც იმუშავებს, მათ შორის პროფკავშირის მონაწილეობით. 2-3 დღე დაგვჭირდება მაქსიმუმ მიზეზების გასარკვევად და მზად ვიქნებით დეტალურად ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რომელიც ამ უბედურ შემთხვევასთანაა კავშირში“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.
ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქება გუშინ, 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაზარალებულები ტყიბულიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინვე გადმოიყვანეს.
ექიმების ცნობით, სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი, განსაკუთრებით მძიმე. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.