დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უქმდება, ამის შესახებ განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. მიუხედავად იმისა, რომ დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 46 ათასს აჭარბებს, დაწესებული შეზღუდვები უკვე გაუქმებულია.
,,უკვე შეგვიძლია, დავისვენოთ და კვლავ გავიღიმოთ. ჩვენ წარმოუდგენლად კარგი ამბავი გვაქვს: დანიაში მოვხსნით კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. დღეიდან შეგიძლიათ მშვიდად იყოთ“, – აცხადებს დანიის პრემიერ-მინისტრი.
შეზღუდვები მსუბუქდება ავსტრიაშიც. ავსტრიის პრემიერ-მინისტრის თქმით, არავაქცინირებული მოქალაქეები უკვე შეძლებენ საცხოვრებელი სახლის დატოვებას, თუმცა ვერ შეძლებენ რესტორნებსა და ბარებში სტუმრობას. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაში ვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, ავსტრიის საავადმყოფოებში მდგომარეობა სტაბილურია. ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, არავაქცინირებული ადამიანების ჩაკეტვა საჭირო აღარ არის.
ომიკრონი სწრაფად ვრცელდება ჩეხეთის რესპუბლიკაშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 30 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ვაქცინირებულთა რაოდენობა კი ზრდასრული მოსახლეობის 63% შეადგენს.