მთავარიკუბი„ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ სპეციფიკური ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

„ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ სპეციფიკური ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ დაიწყეს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის კლინიკური ცდები, რომლებიც კონკრეტულად ომიკრონის შტამზე იქნება გათვლილი.

კომპანიები „ფაიზერი“ და „ბიონტექი“ კვლევის დროს შეაფასებენ ვაქცინის უსაფრთხოებას, გამძლეობას და იმუნიტეტის დონეს როგორც ორმაგი, ასევე ბუსტერ დოზების შემთხვევაში. კვლევაში მონაწილეობს 18-დან 55 წლამდე ასაკის 1420 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი.

 

კლინიკური ცდა, კომპანია „ფაიზერის“ ინფორმაციით, 3 სხვადასხვა ჯგუფს უტარდება: პირველი კატეგორიის ჯგუფის წევრებს „ფაიზერის“ უკვე არსებული ვაქცინის ორმაგი დოზა გაუკეთეს კვლევის დაწყებიდან სულ მცირე 90-180 დღით ადრე. ისინი კვლევის დროს ომიკრონის სპეციფიკური ვაქცინის ერთ ან ორ დოზას მიიღებენ.

მეორე ჯგუფის მოხალისეებმა სულ მცირე 90-180 დღით ადრე მიიღეს „ფაიზერის“ უკვე არსებული ვაქცინის სამი დოზა. მათ გაუკეთებენ იმავე ვაქცინის ერთ ან ომიკრონის სპეციფიკური ვაქცინის ერთ დოზას.

მესამე ჯგუფის წევრებს არ გაკკეთებიათ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა და ისინი „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ომიკრონის წინააღმდეგ სპეციფიკური ვაქცინის სამ დოზას მიიღებენ. სპეციფიკური ვაქცინის დოზა იქნება 30 მიკროგრამი, ისევე, როგორც წინა ვაქცინისა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2022 წელს ისინი აპირებენ ვაქცინის 4 მილიარდი დოზის წარმოებას. ამ რაოდენობაში შედის ომიკრონის წინააღმდეგ მიმართული განახლებული ვაქცინაც იმ შემთხვევაში, თუ ცდები დაადასტურებს, რომ მისი გაკეთება აუცილებელია და უსაფრთხო.

ომიკრონის წინააღმდეგ განახლებული ვაქცინის შესახებ განცხადებები გააკეთა კომპანია „მოდერნამ“, რომლის წინასწარი გეგმით, ახალი ვაქცინა შემოდგომისთვის იქნება მზად.  ოქსფორდის უნივერსიტეტშიც, რომელმაც „ასტრეზენეკას“ ვაქცინა შექმნა, ამბობენ, რომ  ისინიც მუშაობენ ვაქცინის განახლებულ ვერსიაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend