ნიდერლანდების მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან გაიხსნება ბარები რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები. ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსის 64 630 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 53 პროცენტი.
„გასული კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის დაახლოებით 15-პროცენტიანი ზრდა გვქონდა. თუმცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა. ინფიცირებულთა რიცხვი უკვე რამდენიმე კვირაა იზრდება. ზომების შემსუბუქებით, ტესტების დადებითი პასუხის რაოდენობა მომავალ პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება. ასე რომ, ჩვენი აზრით, საავადმყოფოებს უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. პიკი მარტში იქნება”, – განაცხადა ნიდერლანდებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და ზედამხედველობის ცენტრის ხელმძღვანელმა.
საფრანგეთში კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარი მილიონით გაიზარდა. შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა უფრო დაბალია, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ იყო. ამასთანავე, საფრანგეთში ვაქცინაციის ახალი საშვი ძალაში ორშაბათიდან შევა. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემიოლოგები შეძლებენ პანდემიის მართვას. ჯანმრთელობის ახალი საშვების გამო არავქცინირებული მოქალაქეების უმეტესობა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა რუმინითეთშიც, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა კი 52.6%-ს შეადგენს.