მთავარი საქართველო „ჩვენც გვინდა სიცოცხლე და საარსებო წყარო“ - გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან

„ჩვენც გვინდა სიცოცხლე და საარსებო წყარო“ – გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები მალე ვეღარ გაყიდიან ხილს, ბოსტნეულს, სამოსს, საოჯახო ნივთებს, ერთჯერად ხელსახოცებს… მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს საქმე მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა.

„აქ ვართ არსებობისთვის, განა გამდიდრებისთვის. ძალიან დიდი გაჭირვებაა. ძალიან მიჭირს, თორემ რა მინდა ქუჩაში. ავადმყოფი ქალი ვარ, რა შემიძლია, სად უნდა წავიდე? ძალიან ძნელია“

„ვის ეხალისება სიცივეში დგომა? კარგად რომ იყოს ადამიანი, დადგება ქუჩაში? პენსიონერი ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. რომ არ მყოფნის შემოსავალი, ამიტომ ვდგავარ ქუჩაში – ამბობენ მოვაჭრეები, რომლებიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ ყიდიან სხვადასხვა პროდუქტს.

გარემოვაჭრეების ნაწილს ბაზრობებსა და კომერციულ სივრცეებში გადასვლა არ სურს. ამბობენ, რომ გასაყიდი პროდუქციის სიმცირის გამო გადასახადებს ვერ გადაიხდიან, რადგან ზოგჯერ მათი დღიური შემოსავალი 5 ან 10 ლარია.

„სამსახური არ მაქვს, ვარ პენსიონერი, ვცხოვრობ ნაქირავებში. 16:00 საათზე გამოვდივართ, მანამდე აკრძალული გვაქვს, რადგან ბანკის წინ ვვაჭრობთ, ბანკი სანამ არ დაასრულებს მუშაობას, არ შეიძლება გამოსვლა. 22:00 საათამდე ვართ ამ ყინვაში. ბაზარში არავინ შემოდის, შიგნით არავინ იყურება, ხომ გვინდა ჩვენც სიცოცხლე და საარსებო წყარო?“

“ამ ხალხს სხვანაირად გვინდა მიხედვა. ყველას უნდა ჰქონდეს  შესაბამისი პატარა ადგილი გამოყოფილი და პრეტენზია არავის ექნება მერე. აღარ გამოვლენ ქუჩაში. მეც არ მეხალისება, რა ინტერესი მაქვს რომ ამდენი რაღაც ქუჩაში გამოვიტანო? თუკი ხალხს დაეხმარებიან, რომ  შესაბამისი ადგილები მოძებნონ სამუშაოდ, ყველა მივესალმებით“ – ამბობენ მოვაჭრეები ვარკეთილის მეტროსთან.

თბილისის მერმა დღეს, 26 იანვარს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მის უწყებაში ბევრი შეტყობინებაა გარემოვაჭრეების შესახებ. კახა კალაძის განმარტებით, მათზე ფეხით მოსიარულეები ჩივიან და ამბობენ, რომ გადაადგილებისას პრობლემა ექმნებათ. ამიტომ მერმა შესაბამისი რაიონის გამგებელს დაავალა მოაგვაროს ეს პრობლემა.

„გარემოვაჭრეებს დაკავებული აქვთ ტროტუარები და ფეხით გადაადგილება გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ბევრი ზარია შემოსული ამასთან დაკავშირებით. მინდა ამ პრობლემის მოგვარება. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არიან დაკავებული, გადაინაცვლონ შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

შესაბამისი სამსახურიდან ვარკეთილის მეტროსთან ჯერ არავინ გამოჩენილა. ამიტომ, მოვაჭრეებმა თავადაც არ იციან სად გამოყოფენ მათთვის ახალ ადგილს სამუშაოდ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

გარემოვაჭრეებიგარემოვაჭრეები

Send this to a friend