მთავარისაქართველოაცრის ფინანსური წახალისება ერთი თვით გახანგრძლივდა

აცრის ფინანსური წახალისება ერთი თვით გახანგრძლივდა

25 იანვრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული ის მოქალაქეები, რომლებიც აცრისგან თავს იკავებდნენ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თუ აიცრებიან პრემიის სახით ას ლარს მიიღებენ. ფულად ჯილდო დაწესდა იგივე ასაკის პირებისთვისაც, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აიცრებიან.

„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ კი, 50 წელს ზემოთ მოქალაქეები 200 ლარს იღებენ“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში მობილიზებული საწოლფონდის 45% თავისუფალია. მისივე თქმით, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური ზრდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ კორონავირუსის მოსახლეობაში ცირკულირებული შტამებიდან 90% „ომიკრონია“. სპეციალისტი მოსახლეობას ტრადიციულად სიფრთხილისა და იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

დღევანდელი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის „ომიკრონის“ ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283. როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევების მატება, თუმცა, განმარტებების, ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობით და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ მკურნალობას,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ თქვეს, რომ ქვეყნის მასშტაბით 102 ონლაინ კლინიკა და 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. სპეციალისტები მდგომარეობას საგანგაშოდ არ აფასებენ და დამატებითი შეზღუდვების შემოღებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევენ.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend