დღეს 30 წელი შესრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ვაშინგტონსა და თბილისს შორის ორმხრივი ურთიერთობები 1992 წელს, საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დამყარდა.
ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი 2009 წელს შემუშავებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაა, რომლის ფარგლებშიც დემოკრატიის განვითარების, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით ორმხრივი სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირე სახელმწიფოა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.
„30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ რთულ წლებს ქართველმა ხალხმა მედგრად გაუძლო და მრავალი სირთულე გადალახა, რათა ჩამოეყალიბებინა თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია მისი ევროპული ისტორიის საფუძველზე, კოლხეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაბადებიდან მოყოლებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საერთო ხედვისკენ, რაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციასა და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წევრობას გულისხმობს. ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებასა და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. წლების განმვალობაში აშშ-მა, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოჰყო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ“, – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი.