საქართველოში კარგად იციან რას ნიშნავს იყო ომის ზღვარზე, რას ნიშნავს გამყოფი ხაზი და პირობითი საზღვარი, და რას ნიშნავს, როცა ასეთ საზღვართან რუსი ჯარისკაცები დგანან.
“მე ახლა სოფელ დვანში ვიმყოფები, საოკუპაციო ხაზთან… ჩემს უკან, თქვენ ხედავთ მავთულხლართებით გავლებულ პირობით საზღვარს… მას ნელ-ნელა აცოცებენ რუსი ჯარისკაცები და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა. ეს მერაბ მეკარიშვილის სახლია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გადაწვეს. შემდეგ როცა გამყოფი ხაზი გადმოსწიეს, ამ სახლის აღდგენისა და აქ ცხოვრების უფლება მას აღარ მისცეს. მერაბ მაკარიშვილი იძულებული გახდა, მავთულხლართებიდან მოშორებით, 100 მეტრში ახალი სახლი აეშენებინა თანასოფლელების დახმარებით”, – გიორგი ბოლქვაძე “ევრონიუს ჯორჯია”
მერაბ მეკარიშვილის ამ ახალ სახლსაც, რუსი სამხედროები ამაღლებული გორაკიდან დაჰყურებენ და 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. დღეს აქ სროლის ხმა არ ისმის, თუმცა მცოცავი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება უწევთ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან დღემდე ხშირად იტაცებენ ადამიანებს.
„ადამიანების წაყვანა და გატაცება ხდება ხოლმე გაურკვეველ ვითარებაში. ყველა იძახის რომ ჩვენ ტერიტორიაზე ვიყავით და გადაგვიყვანესო. თითქოს გაურკვეველია რა ადგილიდან წაიყვანეს და როგორ, ზოგი იძახის, რომ პირდაპირ ბაღიდან, ხიდან ჩამომიყვანეს და წამიყვანესო“, – ამბობს დვანელი ილია კობახიძე.
გოგა აფციაური “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტია. ის გორში ცხოვრობს და 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ყოველდღიურად მუშაობს. მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება აქ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
„უკვე 14 წელია ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ის ადამიანები ვინც აღმოჩნდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, თითქმის ყოველდღიურად, შეიძლება ასეც ითქვას, კარგავენ საძოვრებს, კარგავენ სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთებს, ტყის მასივებს და ა.შ. გარდა ამისა გატაცებების შემთხვევები, ისეთ ადგილებში, სადაც არის გამყოფი ღობეები და მავთულხლართები არ არის, იქ მცხოვრებ ადამიანებს ხშირად აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“, – გვიამბობს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი.
საქართველომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველმა გამოსცადა რუსეთის სამხედრო აგრესია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა, დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ სახლებს. შემდეგ კი იყო უკრაინა, და ვითარება მის საზღვრებთან კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დღეს საქართველოს და უკრაინას საერთო პრობლემები და საერთო, ევროანტლანტიკური მისწრაფებები აერთიანებს.
„ჩვენ ვდგავართ საერთო გამოწვევის წინაშე, უკვე მრავალი წელია, რაც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში“, – აცხადებს დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრში, სოფელ დვანში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ახალი ომი აღარ იქნება და რუსეთი ვეღარ შეძლებს გამყოფი ხაზებით დაყოს საქართველო ან ევროპის სხვა ქვეყანა.
გიორგი ბოლქვაძე