დღეს, 21 იანვარს ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატებისა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრამდე, რუსი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ მათ ამ განსაკუთრებული მოლოდინები არ ჰქონდათ. ჟენევაში დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა მოლაპარაკებათა სამი რაუნდი, სამივე რაუნდი კი განსხვავებულ ფორმატში გაიმართა.
პირველი რაუნდი შედგა ასევე ჟენევაში და ის იყო ორმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას რუსი და ამერიკელი დიპლომატები იღებდნენ. მეორე რაუნდი, კი უკვე მრავალმხრივ ფორმატში წარიმართა, ნატო – რუსეთის კომისიის ფარგლებში. მესამე რაუნდიც მრავალმხრივი ფორმატის იყო და ის ეუთოს ფარგლებში ჩატარდა.
სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი დასავლეთისგან მომავალ კვირას რუსულ ულტიმატუმებზე წერილობით პასუხს ელის.
“სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ შეხვედრისათვის მომზადებული დოკუმენტაციის წაკითხვა შეუძლებელია. ჩვენ გყვავს შესაბამისი სტრუქტურები, რომელთა თანამშრომლების მოვალეობაც არის ამ დოკუმენტაციის შესწავლა და ჩვენი მხრიდან პასუხი უკვე იქნა გაცემული. ვფიქრობ, რომ მეტი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ არის საჭირო. ამერიკული მხარის მომზადებული დოკუმენტის ნებისმიერ გვერდს შეგიძლიათ ჩახედოთ და დარწმუნდებით, რომ ის ვერ უძლებს კრიტიკას. ამ დოკუმენტის უდიდესი ნაწილი უბრალოდ სიცრუეა. ეუთოს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მოვალეობა სხვის ხარჯზე უსაფრთხოების განმტკიცება არ არის. ენტონი ბლინკენი დამპირდა, რომ ვაშინგტონი უზრუნველყოფს ყველას მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებას. მე მას ვუთხარი, რომ დიალოგი გაგრძელდება. გარანტიებთან დაკავშირებით ჩვენ წერილობით პასუხს მომავალ კვირას მივიღებთ“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, კი სერგეი ლავროვთან დიალოგი პირდაპირი და გულახდილი იყო.
“ბატონ ლავროვს გავაცანი როგორც ჩვენი, ასევე მოკავშირეების პოზიცია, რომ ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთი შენაერთი მაინც გადალახავს უკრაინის საზღვარს, ეს აღიქმება როგორც თავდასხმა და მას პასუხად მოჰყვება მყისიერი და ერთიანი პასუხი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ასევე მოკავშირეებისგან. მოსკოვს შეუძლია აირჩიოს მოლაპარაკებების გზა, რომელსაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ მივყავართ ან გზა, რომელიც კონფლიქტამდე, მძიმე შედეგებამდე და საერთაშორისო მასშტაბით მოსკოვის ქმედებების დაგმობამდე მიდის. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მოვლენათა განვითარების ორივე სცენარისთვის მზად არიან. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის ფონზე დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი არ არის მხოლოდ დიპლომატიური ხასიათის.
ვაშინგტონი უკრაინის დამატებით 200 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, დიდმა ბრიტანეთმა კი კიევს უკვე მიაწოდა მსუბუქი ტიპის ანტისატანკო შეიარაღება. უკრაინის დახმარების მიზნით შავ ზღვაში ხომალდებს გაგზავნიან ნიდერლანდები, საფრანგეთი და ესპანეთიც.