ამსტერდამის რეიკსმუზეუმში რემბრანდტის ცნობილი ნამუშევარი „ღამის გუშაგი“ სრული რესტავრაციის მიზნით საგამოფენო სივრციდან ჩამოხსნეს. როგორც ცნობილია, რესტავრაციის სრული პროცესი რამდენიმე თვე გასტანს. მანამდე კი მსურველებსა და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, მუზეუმის საიტზე იხილონ და დატალურად დაათვალიერონ ამ შედევრის ციფრული ვერსია, რომელზეც სპეციალისტები უკვე ერთი წელია მუშაობენ.
რემბრანდტის „ღამის გუშაგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი, ამსტერდამის რეიკსმუზეუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა და ჰოლანდიური მხატვრობის ერთ-ერთი შედევრია. 19 იანვარს მუზეუმის თანამშრომლებმა ნახატი სრული რესტავრაციისა და აღდგენის მიზნით საგამოფენო სივრციდან ჩამოხსნეს.
რეიკსმუზეუმის თანამშრომლისთვის – ანა კრეკელერისთვის დიდი პატივია, ამ მნიშვნელოვან ნახატზე რომ უწევს მუშაობა.
„ღამის გუშაგი“ კედლიდან ჩამოხსნეს და მისთვის სპეციალურად გამზადებულ მაგიდაზე მოათავსეს. მომდევნო დღეებში ტილოს ჩარჩოდანაც ამოიღებენ. ჩარჩო ნახატს 1970 წლებში გაუკეთეს.
1642 წელს შექმნილი ნახატი მდიდარია დეტალებით. უკვე წელიწადზე მეტია, სპეციალისტები ციფრული კამერებით ამ შედევრის ფოტოებს იღებენ. ეს არის ამ ნამუშევრის ყველაზე დიდი ფოტო, რომელზეც ნახატის დეტალები კარგად ჩანს.
რეიკსმუზეუმის დირექტორი ტაკო დიბიტსი ამბობს, რომ მათ გადაიღეს ხელოვნების ნიმუშის ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე ფოტო. ახლა საზოგადოებას შეუძლია უფრო ახლოდან დაათვალიეროს და გაარჩიოს ნახატის ყოველი ფერი და დეტალი. ტაკო დიბიტსის აზრით, საზოგადოებას მოსწონს ეს ინიციატივა, განსაკუთრებით კი ეს მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც კოვიდის გამო მუზეუმი დაკეტილია. ადამიანებს უკვე სახლიდან შეუძლიათ შეიგრძნონ „ღამის გუშაგის“ მშვენიერება.
იმის გამო, რომ რემბრანდტის ნახატს რამდენიმე თვის განმავლობაში ფიზიკურად ვერ ვიხილავთ, მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ მუზეუმის საიტს და ჩასწვდნენ „ღამის გუშაგის“ იდუმალებასა და ყველა დეტალს.