მთავარისაქართველოგახმაურებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში გამოქვეყნდა

გახმაურებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში გამოქვეყნდა

სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკოსებთან, საპროტესტო აქციებზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებთან და რეზონანსულ სასამართლო სხდომებთანაა დაკავშირებული, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ორწლიანი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ათობით საქმეზე სამართალდამცავი უწყებების და მართლმსაჯულების სისტემის ზოგადი და სისტემური ხარვეზები გამოიკვეთა.

“ჩვენი საერთო შეფასებით, საკვლევ პერიოდში- 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2021 წლის დეკემბრამდე, მთელი რიგი ხარვეზები და დარღვევები გამოიკვეთა. სასამართლო პროცესებზე გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევების, ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზებისა და პრობლემატური სასამართლო პრაქტიკის კომბინაციით, საფრთხე შეექმნა სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებას. საპროტესტო აქციების მონიტორინგისას, სამართალდამცველთა არამართლზომიერი ქცევის ფაქტები გამოვავლინეთ, რაც სამწუხაროდ პოლიტიკური მართლმსაჯულების მავნე პრაქტიკის არსებობას მიუთითებს“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

ანგარიშზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გარდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იმუშავეს. სამოქალაქო სექტორის განცხადებით, რეზონანსულ საქმეებზე გამოიკვეთა პოლიტიკური და არასამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ფაქტები. კერძოდ, სამართალდამცავები ხშირად არაპროპორციულ ძალას იყენებენ, მოსამართლეები განაჩენის გამოტანისას, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა არამართლზომიერად ხდება და ა.შ. ყურადღებას კი განსაკუთრებით, პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებზე ამახვილებენ.

„ჩვენ ძირითადად შევისწავლეთ 2021 წელს საპროტესტო აქციებისას სამართალდამცველთა ქცევა და შემდეგ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების გასამართლების პროცესები. გამოვლინდა, რომ სამართალდამცველები არაპროპორციული ძალის მობილიზებას ახდენდნენ. აქციის მონაწილეებს უკანონოდ აკავებდნენ, ადმინისტრაციულ პატიმრობის ვადას კი მაქსიმალურად ახანგრძლივებდნენ. ასევე, მოსამართლეები ასეთ საქმეებზე გადაწყვეტილებების გამოტანისას, ძირითად შემთხვევებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობოდნენ“, – აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI)-ს წარმომადგენელი მარიამ კაპანაძე.

ანგარიშში კრიტიკაა გამოთქმული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, სხვა პოლიტიკოსების, საპროტესტო აქციებისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტებისა და 2021 წლის 5-6 ივლისის საქმეებზე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend