მთავარიევროპაშვეიცარიაენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ჟენევაში ხვდებიან

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ჟენევაში ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს, 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. მხარეები ეცდებიან, დიპლომატიური გზებით მოაგვარონ უკრაინასთან დაკავშირებული უკიდურესად დაძაბული ვითარება. ბევრს უკვე აღარ აქვს იმედი, რომ დეესკალაცია მოლაპარაკების გზით იქნება შესაძლებელი. ამასობაში კი რიგითი უკრაინელები სამხედრო წვრთნებს უერთდებიან, რათა მომზადებულები დახვდნენ რუსეთის შესაძლო აგრესიას.

პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფრთხილებს. დაძაბულობა მატულობს. აქამდე დიპლომატიური გზით პრობლემის მოგვარება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტ პუტინთან გულახდილი საუბარი ჰქონდა და წესით არც  გაურკვევლობა უნდა იყოს. ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ თუკი რუსული საჯარისო ნაწილების რომელიმე ქვედანაყოფი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, შეფასდება, როგორც თავდასხმა. ამას კი მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი, რომელიც პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მოკავშირეებთან ერთად განიხილა.

ამერიკული და რუსული მხარეები დღეს ჟენევაში განაგრძობენ მოლაპარაკებას, რომ დაძაბულობა მეტ-ნაკლებად განიმუხტოს. ბლინკენი და  ლავროვი წუხელ ღამით ჩავიდნენ ჟენევაში.

შეხვედრა დღეს გაიმართება, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს იმედი, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.

უკრაინელები ფიქრობენ, რომ ომი გარდაუვალია. ბევრი სამხედრო წვრთნებს გადის, რათა მზად იყვნენ იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას გადაწყვეტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend