როგორი ხედვა ექნება საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს საპარლამენტო საქმიანობასა და ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე. გამოწვევები რეგიონში და საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციონირება – ამ საკითხებზე სასაუბროდ, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილს, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
„შეხვედრაზე ჩვენ სხვა მრავალ პრიორიტეტულ საკითხთან ერთად განვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის საქართველოში, რომ იმუშაონ ისეთ საკითხებზე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორც საგარეო კუთხით, ასევე შიდა გამოწვევების გადაჭრისთვის, ეს იქნება ეკონომიკის აღდგენა, კოვიდთან ბრძოლა თუ სხვა სოციალური პრობლემები. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს, რომ თანამშრომლობს საქართველოსთან მრავალი მიმართულებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრა“, – განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ელჩთან მეგობრული საუბარი ჰქონდა. მეგობრულ აუდიენციას კი ისეთ საკითხებზე მსჯელობაც მოჰყვა, როგორებიცაა ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური რეალობა და რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაცია.
„ჩვენ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ძალიან მეგობრული საუბარი. მათ შორის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები. დეტალურად ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ მხრივ უკრაინის საკითხი იყო გამორჩეული. ასევე ხაზი გაესვა პარლამენტში პოლიტიკური მხარეების ჩართულობის აუცილებლობას. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზეც, რომელიც ვიმედოვნებ, წარმატებით დასრულდება.
შეხვედრების მონაწილეების თქმით, დახურულ ფორმატში გამართული მოლაპარაკებებისას, საუბარი იყო პარლამენტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით. პირველი სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ელჩ დეგნანს იმედი აქვს, რომ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის პარლამენტში ძალთა ბალანსს და ოპოზიციის მეტ ჩართულობას იხილავს.
ალეკო გვეტაძე