მთავარი გადაცემები Smart Regions შვედეთი ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობას ზრდის

შვედეთი ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობას ზრდის

Mittstråke-ი, რაც შვედურად სიტყვა სიტყვით „შუა გზას ნიშნავს“, შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ნორვეგიისკენ მიმავალ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანს ქმნის.

ხანდახან ჯიმი ანევალი ამ გზით დადის. გზას ზამთარში თოვლი ფარავს და ქათქათაა, თუმცა ერთი ევროპული პროექტი მიზნად ისახავს, რომ ეს გზა ზამთარ-ზაფხულ მწვანე იყოს.

როგორ? გზაზე ელექტრომობილების დასატენი სადგურების რიცხვის გაზრდით – გზის გასწვრივ  რკინიგზის თითოეულ  სადგურზე თითო დასატენი განთავსდება. ამ პროექტის მიზანია შერეული ტრანსპორტის განვითარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება.

ჯიმი ანევალი, პროექტ LADDA I MITTSTRAKET-ის მომხმარებელი და ბიზნესის დეველოპერი ამბობს, რომ  მანქანით მგზავრობისას ძალიან მოსახერხებელია,  რომ ქალაქში ყოფნის დროს  მანქანის დატენვის საშუალება აქვს. “ ეს ცოტა  ძვირი ჯდება, ვიდრე სახლში დატენვა,  მაგრამ ძალიან ძვირიც არ არის: კილოვატსაათზე 29 ევროცენტია,“ – განმარტავს ჯიმი.

ეს ტერმინალები მუშაობს აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ზუსტად მიუთითებს, თუ რომელი დასატენი სადგურია ხელმისაწვდომი და სად.

პროექტ Ladda i Mittstråket-ის ბიუჯეტი 800 ათას ევროს აჭარბებს, მისი ნახევარი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება.

დაგეგმილია 85 დასატენი სადგურის მოწყობა 200 ათასი პოტენციური მომხმარებლისთვის, რომლებიც 358-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ ცხოვრობენ ქალაქ სუნდსვალსა და სოფელ სტორლიენს შორის.

შვედეთი ამაყობს, რომ ევროკავშირში ელექტრომობილების რაოდენობით პირველია. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, რომ დასატენი სადგურები მეჩხრად დასახლებულ ადგილებშიც დაამონტაჟონ.

ჰენრიეტა ფილპი, პროექტ LADDA I MITTSTRAKET-ის მენეჯერი:

“მატარებელი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ კარგად მოძრაობს, მაგრამ ზოგჯერ საბოლოო დანიშნულების ადგილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიხვალ. ამიტომ მანქანა გჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ აქაურებს ისევე შეეძლოთ ელექტრომობილით სარგებლობა, როგორც შვედეთის ნებიმიერ სხვა უფრო მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე.“

დასატენი სადგურების დამონტაჟება 2021 წლის იანვარში დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს. აქ, ორეში, სამუშაო ბრიგადა ისე მუშაობს, როგორც ამის საშუალებას ამინდი აძლევს.

თუმცა ცუდი ამინდი ერთადერთი დაბრკოლება არ არის. პროექტს ბიუროკრატიული პროცესებიც  აფერხებს.

კაროლინე ჰილდაჰლი, პროექტ Jämtkraft Strategi-ის მენეჯერი:

„ასეთი ტიპის პროექტისთვის ძირითად პრობლემებად მე დავასახელებდი, პირველ რიგში, რამდენიმე  პროცესს, რომლებიც ერთდროულად უნდა აწარმოო საკუთრების მფლობელებთან, ქსელის კომპანიასთან, ეროვნული ტრანსპორტის ხელმძღვანელობასთან, რომელიც გზების მეპატრონეა. ამ გზაზე კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლიც გვხვდება, რაც ასევე უნდა გაითვალისწინო.“

პროექტ Mittstråket-ის მიზანია, რომ 2030 წლისთვის პრიორიტეტულ დერეფნად გადაიქცეს როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო ტრანსპორტისთვის.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

შვედეთიშვედეთი

Send this to a friend