მთავარისაქართველოსაქართველოში კოვიდინფიცირებული 57 825 პაციენტიდან 4 386 კლინიკაში მკურნალობს

საქართველოში კოვიდინფიცირებული 57 825 პაციენტიდან 4 386 კლინიკაში მკურნალობს

საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

63 ათასზე მეტი ჩატარებული გამოკვლევიდან 8 728 დადებითი აღმოჩნდა და საქართველოში კოვიდ-19-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დღეს, 19 იანვარს 2022 წელს უკვე მეორედ გამოვლინდა. თუმცა ახალი შემთხვევების ეს რაოდენობა მხოლოდ ლაბორატორიულადაა დადასტურებული.

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში ყოველდღიურად ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე მინიმუმ ორჯერ მეტი ინფიცირდება, ანუ დღეს ქვეყანაში სავარაუდოდ, 17 ათასზე მეტი პირია კოვიდდადებითი. მათი ნახევარი კი ახალი შტამით – ომიკრონითაა ინფიცირებული.

„კოვიდ-19-ის პანდემია დასრულებასთან ახლოსაც არ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისი თქმით, არასწორია საუბარი იმაზე, რომ ომიკრონმა კოვიდ-19-ის საფრთხე აღმოფხვრა.

„საერთო ჯამში ომიკრონი შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, თუმცა ის აზრი, რომ ეს მსუბუქი ვარიანტია, არასწორია. შეცდომას ნუ დავუშვებთ. ომიკრონი ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მართალია, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი რაოდენობა პიკს აღწევს. ეს, გარკვეულწილად, იმედს გვაძლევს, რომ ამ ტალღის ყველაზე ცუდი ნაწილი დასასრულისკენ მიდის, თუმცა არცერთი ქვეყანა არ არის დაცული“, – ამბობს ტედროს გებრეისუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღის პიკს თებერვლის დასაწყისში ელოდებიან.  ქვეყნის მასშტაბით კოვიდკლინიკებში არსებული საწოლების რაოდენობის ნახევარი თავისუფალია. ომიკრონის შტამის მსუბუქად მიმდინარეობის გამო ჯანდაცვის სამინისტროში პანდემიის მართვაში დისტანციურად ჩართული ონლაინკლინიკების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.  ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში ან კოვიდსასტუმროში რჩებიან, ცენტრალურ ონლაინკლინიკასთან დაკავშირება ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ, ნომერზე 15-22.

„პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის ონლაინკლინიკების რაოდენობა იზრდება. 62 არის ახლა მოქმედი და კვირის ბოლომდე კიდევ 40 დაემატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ოჯახის ექიმები დროულად დაუკავშირდნენ სახლში მყოფ ინფიცირებულებს და უზრუნველყონ მათი მეთვალყურეობა“, – ამბობს თამარ გაბუნია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მილიონ 199 ათასზე მეტი პირი. მათგან მხოლოდ 118 ათასზე მეტს აქვს ვაქცინის დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზა გაკეთებული.

იქიდან გამომდინარე, რომ ბუსტერ დოზის მიღება ამცირებს ომიკრონის შტამით ინფიცირების რისკს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი ინიციატივა აქვს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა 50 წელს ზემოთ პირებმა ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში გარკვეული თანხა მიიღონ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend