„ეს არის იონიზატორი და მისი მთავარი დანიშნულება არის, რომ დახურულ სივრცეში ჰაერი გაწმინდოს ვირუსებისგან, მტვრის ნაწილაკებისგან და სპორებისგან“
იონიზატორი, რომელზეც მარიამი საუბრობს, ახალგაზრდა „ელფებმა“ შექმნეს და ეს ხელსაწყო „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის გამარჯვებული გახდა. „ელფები“ გამომგონებელთა გუნდია, რომელშიც ახალგაზრდები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაერთიანდნენ. იონიზატორი, კონკურსის ჟიურის წევრებმა, 64 პროექტს შორის მიიჩნიეს საუკეთესოდ. გუნდი ხუთი წევრისგან შედგება, და როცა კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეს, იფიქრეს რამე ისეთი შეექმნათ, რაც ხალხს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა.
„პანდემიის გამძაფრების შემდეგ, გადავწყვიტეთ გვეზრუნა ადამიანებზე და დავიწყეთ მუშაობა იონიზატორზე, რომელიც სრულიად უსაფრთხო გარემოს უქმნის ადამიანს და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სუფთა ჰაერით ვისუნთქოთ დახურულ სივრცეში. დეზინფექცია აღარ იქნება საჭირო, ყოველნაირ ვირუსს, რაც იქნება, გაანადგურებს ჩვენი იონები. იონების ბალანსი დახურულ სივრცეში გამოიწვევს იმას, რომ ჰაერი გაიწმინდება“ – გვიხსნის მარიამ მაღრაძე
„ელფებმა“ გამოგონება უკვე გააგზავნეს „საქპატენტში“. მათი პირველადი მოკვლევით, ახალგაზრდების მოწყობილობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. თუ გუნდი საბოლოოდ მოიპოვებს პატენტს, ისინი იონიზატორის ფართომასშტაბიან წარმოებას გეგმავენ.
„როგორც იცით საქართველოში არსებობს ტექნოპარკი, რომელთანაც უშუალო კონტაქტი გვქონდა და გვითხრეს, რომ თუ ჩვენი იონიზატორი პატენტუნარიანი აღმოჩნდება, შეგვიძლია, დაფინანსება მოვიპოვოთ და იონიზატორების წარმოება დავიწყოთ, რაც კომერციული თვალსაზრისით შეიძლება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს“ – ამბობს „ელფების“ წევრი, გეგა ხაჩიძე.
მარიამი, ანასტასია, გეგა, მარიამი და პანტელეიმონი ზაფხულში, ამერიკაში, ნასას კვლევით ბაზაზე გაემგზავრებიან. სწორედ ეს იყო ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი. „ელფები“ ამბობენ, რომ ეს მათი ბავშვობის ოცნება იყო, ოცნება კი მიზნად აქციეს და საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც მას.