რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის უკრაინის მეზობელ ქვეყანაში, ბელარუსში, სამხედროების გადაყვანა დაიწყო. დასავლეთში კიდევ უფრო გამძაფრდა ეჭვი, რომ მოსკოვი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება. ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი ფორმალურ მიზეზებს ეძებს, რომ დასავლეთ უკრაინის ტერიტორია შეიერთოს იმ სამხედრო მანევრების დახმარებით, რომლებსაც იგი ყირიმიდან დონბასამდე იყენებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იგი მზადაა, რუსეთთან სერიოზული დიალოგი აწარმოოს. თუმცა დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს არ წავა კომპრომისზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა უზრუნველყონ როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოება.
სერგეი ლავროვი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი შეერთებული შტატებისგან მოელის წერილობით პასუხსა და გარანტიას, რომ ნატო არ გაფართოვდება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. თუმცა ვაშინგტონისთვის ეს მოთხოვნა მიუღებელია.
სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ დღეს უკრაინას შეერთებული შტატები მართავს. მისი თქმით, ვაშინგტონს შეუძლია, აიძულოს კიევი, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.
გასულ კვირას უკრაინის რამდენიმე სამთავრობო ვებსაიტი კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა. კიევში აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ თავდასხმაში რუსეთი მონაწილეობდა.