მთავარი საქართველო კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი

კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ამავდროულად, საქართველოში კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 14 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ტესტირებულთა 10% ინფიცირებულია. იმის გამო, რომ ქვეყანაში პანდემიის მეექვსე ტალღაა და დადებითი შემთხვევების ნახევარს ომიკრონის შტამი წარმოადგენს, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები კოვიდ-19-ის შემთხვევების კიდევ უფრო მეტად ზრდას პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებს ახალი ინიციატივით მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ დამატებითი ანუ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ამცირებს ომიკრონის შტამით დაინფიცირების რისკს, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ბუსტერ დოზის წახალისება, ანუ გარკვეული თანხის მიცემა იმ პირებისთვის, რომლებიც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, ომიკრონის ტალღის სიმძაფრეს შეასუსტებს.

საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დღეს, 18 იანვარს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. დღემდე საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა 6 208 იყო. დღეს, 18 იანვარს კი, ლაბორატორიულად 7 521 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ რეალურად ქვეყანაში ამ რაოდენობაზე მინიმუმ ორჯერ მეტი ახალი ინფიცირებულია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების ნახევარი ომიკრონის შტამით არის გამოწვეული და კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს. პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი კი თებერვლის დასაწყისში იქნება. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში, სავარაუდოდ, ლაბორატორიულად დადასტურებული 10-15 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდება. თუმცა რეალურად ამაზე ბევრად მეტს, ყოველდღიურად დაახლოებით 60 ათას ახალ ინფიცირებულს ვარაუდობენ.

„ზოგადად ჯერჯერობით ომიკრონით გამოწვეული შემთხვევები, დელტა შტამთან შედარებით, მსუბუქად მიმდინარეობს, რაც პროგნოზირების თვალსაზრისით, გვაძლევს ცოტა მშვიდად ყოფნის საშუალებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან თუ ერთდროულად ბევრი შემთხვევა იქნება, მაშინ  სურათიც სხვა იქნება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვმა იმატა, ჰოსპიტალურ სექტორში ბევრი პაციენტი არ ჰყავთ და კოვიდინფიცირებულთა მისაღებად მომზადებული საწოლების ნახევარი თავისუფალია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ომიკრონის მსუბუქად მიმდინარეობის გამო ინფიცირებულები ძირითადად სახლებში არიან, რის გამოც გაიზარდა მოთხოვნა ონლაინკლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე.

„რაც შეეხება ამბულატორიული ქსელის მობილიზაციას, დღეს მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით კეთდება. მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე კიდევ 40 დაემატება. ამდენად მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ომიკრონის შტამის მსუბუქად მიმდინარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ომიკრონი ან კორონავირუსის პანდემიას დაასრულებს ან ახალი შტამების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი

Send this to a friend