ქაბულის სამეზობლოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. ისინი ჩვეულებრივ ავღანელ ბიჭებს გვანან, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ბაჩა პოშია, ანუ გოგო, რომელიც ბიჭივით ცხოვრობს. ომიდი, რომლის ნამდვილი სახელი სანამია 7 წლისაა. მას თმა მოკლედ აქვს შეჭრილი და ბიჭის ტანსაცმელი აცვია. სანამი მამამისს პირბადეების გაყიდვაში ეხმარება. დღეში ისინი მხოლოდ 1 ან 2 დოლარს გამოიმუშავებენ.
„ბაჩა პოშობა ავღანეთში ფართოდ არ არის გავრცელებული. ამის გაკეთება სიღარიბემ გვაიძულა. არ გვყავს ვაჟი, რომელიც ჩვენთვის იმუშავებდა. ამიტომაც სანამის ჩემს ვაჟად ვთვლი, სანამ იგი მოზარდი გახდება“, – ამბობს სანამის დედა ფაჰიმა.
ავღანეთში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფლებები შეზღუდული აქვთ. ბაჩა პოშობა არის ერთადერთი შანსი გოგოებისთვის, თავისუფლებას გემო გაუსინჯონ. ბაჩა პოშებს ნებადართული აქვთ სპორტის თამაში, რელიგიური სკოლაში სიარული და ოჯახისთვის მუშაობა. თუმცა ეს სამუდამოდ არ გრძელდება. გარდატეხის ასაკის დაწყებისას ბაჩა პოშები კვლავ გოგოები უნდა გახდნენ. ასეთმა ცვლილებამ შეიძლება ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედოს.
„ავღანეთში ბიჭად ყოფნა უფრო ხელსაყრელია. ისინი უფრო მეტად ფასობენ, რადგან შეზღუდულები არ არიან. გოგოს გამოცდილება სხვანაირია, მათ ადრეულ ასაკში უწევთ გათხოვება. მათ სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. ავღანეთში ჯობია იყო კაცი ვიდრე ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილი მყავს, ვისურვებდი კაცად დავბადებულიყავი. მე სკოლის მასწავლებლობა ამიკრძალეს. კაცი, რომ ვყოფილიყავი ახლა მასწავლებელი ვიქნებოდი“, – წუხს ნაჯიეჰი, ყოფილი ბაჩა პოში.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა დამოკიდებულება აქვს თალიბანს ბაჩა პოშების მიმართ. დღემდე უცნობია თუ საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია. ქალებზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო ბაჩა პოშების რაოდენობა შესაძლებელია მალე გაიზარდოს.