მთავარი საქართველო გაერო შეშფოთებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამო

გაერო შეშფოთებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამო

გაეროს სააგენტოების ჯგუფი სინანულს გამოთქვამს საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ. განცხადების მიხედვით, გაერო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღების გამო. მათი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საშიში გზავნილია ადამიანის უფლებადამცველი სხვა ინსტიტუტებისთვისაც.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ დაედო ვეტო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, ოპოზიციაშიც ეხმაურებიან და მიჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ტესტი ვერ ჩააბარა.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონთან და საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა არ ისარგებლა თავის კონსტიტუციური უფლებით და არ დაადო ვეტო ამ კანონებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა ვერ ჩააბარა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ვერც ერთი ტესტი. იმედს, ვიტოვებ, მას საფრანგეთში მიღებული განათლება და ცხოვრება გამოადგება იმაში, რომ ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება იქმნება, გუშინ 13 იანვარს მოაწერა ხელი. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. უწყებამ მწუხარება გამოხატა პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიჩნიათ, რომ კანონზე ვეტოს დადება იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩქარა, მაგრამ საკითხი სიღრმისეულად იყო განხილული.

„ოპოზიციის მხრიდან, რომ დაიხურა დისკუსიის, დიალოგის, შერიგების შესაძლებლობები ეს ნიშნავს იმას, რომ იმთავითვე, მათი მხრიდან გამოხატული თითქოს და თანხმობა და ეროვნულ შერიგებაზე იყო აბსოლუტური ფარსი. არ შეიძლება შეთანხმებაზე საუბარი ულტიმატუმების გზით და ეს ყველაფერი ჰგავს, როდესაც პრეზიდენტს დაუწუნებენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ ფორმით და უარგუმენტოდ, ვფიქრობ, რომ ეს ჰგავს საუბარს ულტიმატუმით, რაც არ არის კარგი. იყო კრიტიკული შენიშვნები გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ იყო დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა აქაც არსებობს პასუხი იმასთან დაკავშირებით. მიუხედავად დაჩქარებისა, სიღრმისეულობის ხარისხი არ დაუკნინებია ამ ფაქტორს, ყველაფერი წარიმართა სრულფასოვანი დისკუსიისა და ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისგან. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონი დაჩქარებული სახით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend