მთავარისაქართველოსაქართველოში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადია

საქართველოში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადია

2021 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. პარლამენტმა ეს ცვლილება დეპუტატების შემადგენლობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღო.

ნიკოლოზ სამხარაძე ამ კანონპროექტის კანონად მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება მომავალში მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

„მსგავსი კანონი და ჯარიმები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება შემაკავებელი ფაქტორი, რათა მსგავსი ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა გასული წლის ხუთ ივლისს, აღარ განმეორდეს. ეს პროგრესული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაშიც“, – ამბობს დეპუტატი.

ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები. რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა ლგბტ თემის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ჩაშალეს, დაარბიეს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები. პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა კი ჩამოხსნეს  და დემონსტრაციულად დახიეს. 7 ივლისს იმავე ადგილზე დროშა კვლავ აღმართა საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

„რონდელის ფონდის“  ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება დროული იყო.

„საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც საკმაოდ დასაფასებელია. საზოგადოების ეს ნაწილი არ მივცემთ საშუალებას რადიკალურად განწყობილ მოქალაქეებს, რომ მომავალში შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოებს. რაც ხუთ ივლისს მოხდა, ამის მძიმე მაგალითი იყო და ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღება, თან მრავალპარტიული მხარდაჭერით დროული იყო“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფის შემთხვევაში, დამრღვევი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი  2000 ლარით.  ან დამრღვევს – 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend