დიდი ბრიტანეთის მოსახლეობასა და პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებულმა სკანდალმა, რომელიც მათ მიერ 2021 წელს კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დარღვევას მოჰყვა.
ცნობილი გახდა, რომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით 100 პირს გაუგზავნეს მოწვევა დაუნინგ-სტრიტის ბაღში დაგეგმილ წვეულებაზე.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის ედვარდ არგარის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან ვირუსს ბრიტანეთის 150 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ამიტომ მას კარგად ესმის იმ ხალხის ბრალდებების, რომელიც განაწყენებული და გაბრაზებულია. ჯანდაცვის მინისტრს გამართლებულად მიაჩნია, პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება რომ ითხოვა. ამ გზით ყველა კითხვას დროულად გაეცემა პასუხი.
დიდ ბრიტანეთში ამ დრომდე საავადმყოფოები სავსეა ინფიცირებული პაციენტებით. ორგანიზაციის „ გარდაცვლილთა ოჯახები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი ლინდსი ჯექსონი ამბობს, რომ დედამისი სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ეს წვეულება მიმდინარეობდა. იგი ნანობს, ამ მძიმე დროს მის გვერდით რომ არ იყო, მან შესაბამისი პატივიც კი ვერ მიაგო დედას. იმ მზიან დღეს, როდესაც წვეულება უნდა გამართულიყო, იგი თავის ბაღში იჯდა მარტო და ფიქრობდა. იცოდა, რომ დედა ვერ გადარჩებოდა. იგი კოვიდით იყო ინფიცირებული. ლინდსი დარწმუნებულია, რომ ბევრ მის ახლობელს ენდომებოდა მასთან გამომშვიდობება, რადგან ის ყველას უყვარდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაკრძალვას მხოლოდ შვიდი ადამიანი ესწრებოდა.
დაუნინგ-სტრიტზე აცხადებენ, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პრემიერ-მინისტრ ჯონსონს კომენტარი არ გაუკეთებია კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა მეუღლესთან ერთად ღონისძიებაზე.