მთავარი საქართველო სახლი, რომელიც ინგრევა

სახლი, რომელიც ინგრევა

დევნილები დახმარებას ითხოვენ

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 150 ოჯახი დახმარებას ითხოვს. ძველი სანატორიუმის შენობა, სადაც ისინი 30 წელია ცხოვრობენ, ინგრევა. კედლებს ბზარები წლების წინ გაუჩნდა, თუმცა მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა ბოლო დღეებში, როდესაც კედლების ნაწილი ჩამოიშალა. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მთავარი მოთხოვნა კი ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფაა. ორი დღეა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიდიან მათთან მოსალაპარაკებლად, თუმცა ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი ჯერ ვერ მოიძებნა.

„ბინა უნდა დაიცალოს, რაც შეიძლება სწრაფად. ყოველდღე ბზარები ჩნდება. გვეშინია აქ ცხოვრება. გუშინაც გარეთ გავათენეთ. ისე ვუყურებთ ერთმანეთს, თითქოს ბოლო დღე იყოს. ქირას გვპირდებიან, მაგრამ ჩვენ არ ვენდობით დევნილთა სამინისტროს. ვიცით, რომ მხოლოდ 2 თვით უხდიან და მერე გადახდა აღარ არის“ – ამბობს ნატო ხარაიშვილი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობს.

დევნილები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისია და წლებია იღებენ დაპირებებს სახელმწიფოსგან, თუმცა უშედეგოდ.

„ერთ ოთახში ვცხოვრობთ. მიჩვეული ვართ ამას. ასე გაიზარდნენ ბავშვები. 30 წელი ჩვენთვის არაფერი გამოინახა. გვპირდებიან და გვატყუებენ. ამ ტყუილში ვართ წლებია. როცა არჩევნებია და ხმები უნდათ, აქ არიან, მერე კარგად მეყოლე“ – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ხვიჩა ხათხუა.

აქ მცხოვრებლები დაპირებებს აღარ ენდობიან და ითხოვენ, პირადად ჯანდაცვის მინისტრი გაეცნოს მათ მდგომარეობას ადგილზე.

„ნდობაც არ გვაქვს. ის მინისტრი თავისი ხუთი შვილის მინისტრი კი არ არის, ჩვენი მინისტრია, პირველ რიგში. ყურადღება გვჭირდება. მობრძანდეს, ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას“ – ამბობს ლეილა კარტოზია.

სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 11 იანვარს აქ რამდენიმე პირობით მოვიდნენ, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

„შენობის მდგომარეობა ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია. ზუსტად ამიტომ იქნა მიღებული მათი განსახლების გადაწყვეტილება, გრძელვადიანი განსახლების მიზნით. ამისთვის მიმდინარეობს სპეციალური კონკურსი, რის ფარგლებშიც მენაშენეებმა უნდა წარმოადგინონ ბინა, რომელიც უნდა შევისყიდოთ და გადავცეთ დევნილ მოსახლეობას. საბედნიეროდ, გუშინდელი ინცინდენტისას (იგულისხება შენობის კედლის ჩამონგრევა) არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია. საკითხის მაქსიმალურად მოკლე დროში გადასაჭრელად ჩვენ ამ ეტაპისთვის რაც შეგვიძლია, არის ოჯახების ქირით უზრუნველყოფა, ვიდრე გრძელვადიანი განსახლებით არ დაკმაყოფილდებიან“ -გაანცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო  წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილმა, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნო.

თუმცა არავინ იცის, კიდევ რამდენი კედელი ჩამოიშლება გრძელვადიან განსახლებამდე.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

სახლისახლი

Send this to a friend