მთავარი კუბი გლობალური დათბობა - ბოლო შვიდი წელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

გლობალური დათბობა – ბოლო შვიდი წელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

გლობალურ ტემპერატურაზე დაკვირვების ისტორიაში ბოლო შვიდი წელი ყველაზე ცხელი იყო, ხოლო გასული 2021 წელი ყველაზე მაღალი ტემპერატურის მქონე ხუთეულში შეიტანეს.

კლიმატის ევროპული სააგენტო „კოპერნიკის“ შეფასებით, პლანეტამ კიდევ ერთი რეკორდულად ცხელი წელი გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის დასაწყისში გლობალური ტემპერატურა დაბალი იყო, წლის ბოლოს ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და განაგრძო საგანგაშო ათწლეულის ტრადიცია.  „კოპერნიკის“ ცენტრის მონაცემებით, გლობალური ტემპერატურა  1,1-1,2 გრადუსი იყო, რაც 1850-1900-იან წლებში დაფიქსირებულ ტემპერატურაზე მაღალია.

კონკრეტულად ევროპისთვის გასული წლის ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ევროპის უმეტეს ქვეყანაში განადგურდა  ხილის მოსავალი, დასავლეთ ევროპაში მომხდარ წყალდიდობას შეეწირა 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, საბერძნეთსა და თურქეთში, დაფიქსირებულმა მაღალმა ტემპერატურამ ძლიერი ტყის ხანძრები გამოიწვია.

გლობალური დათბობა ატმოსფეროში დაგროვილი სათბური აირებისა და გამონაბოლქვის გამო ხდება – ატმოსფეროში გამოიყოფა მაღალი რაოდენობით ნახშირორჟანგი და მეთანი.

„რაც არ უნდა გააკეთოს კაცობრიობამ, ეს ტენდენცია უახლოეს ათწლეულებში არ შეიცვლება, შესაძლებელია მხოლოდ ამის შენელება და შემსუბუქება“, – განაცხადეს ევროპის კლიმატის ცენტრში.

ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედება გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია. ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ კიდევ 2015 წელს პარიზის კლიმატის ხელშეკრულების ფარგლებში მოაწერეს ხელი. მონაწილე ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შეამცირებენ სათბური აირების გამოყოფას, რათა საუკუნის შუა პერიოდში გლობალური ტემპერატურა არ გადაცდეს 1.5 გრადუსს, პრეინდუსტრიული პერიოდისგან განსხვავებით.

ეს ზღვარი, მეცნიერების თქმით, ათი წლით ადრე, 2040 წელს, წაიშლება, ხოლო შემდეგი ზღვარი, 2 გრადუსი, მოიტანს კატასტროფულ შედეგებს, რომლებიც გულისხმობს ბუნებრივ კატაკლიზმებს, მასობრივ მიგრაციასა და დატბორილ ქალაქებს. ეს აუცილებლად მოხდება, თუ გავაგრძელებთ ცაში კვამლის გაშვებასა და ტყეში ხეების გაჩეხას“, – აღნიშნა ცენტრ „კოპერნიკის“ წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend