მთავარიმსოფლიოWHO: ომიკრონი არ უნდა განიხილებოდეს კოვიდის ნაკლებად საშიშ ვარიანტად

WHO: ომიკრონი არ უნდა განიხილებოდეს კოვიდის ნაკლებად საშიშ ვარიანტად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი არ უნდა განიხილებოდეს კოვიდდაავადების ნაკლებად საშიშ ვარიანტად, რადგან გავრცელების სიჩქარემ შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

“მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი ნაკლებად მძიმეა დელტასთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინირებულ მოქალაქეებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მივანიჭოთ მსუბუქი კატეგორია. ომიკრონით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციაც საჭიროა,  გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. სინამდვილეში, ომიკრონი ჰგავს ცუნამს, რადგან იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ჯანდაცვის სისტემებს უჭირთ გამკლავება” , – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა. პორტუგალიელებს 14 იანვრამდე მოუწევთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. პორტუგალიაში სკოლების გახსნა ორშაბათიდან იგეგმება, ხოლო 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის ინტენსიური კამპანია 9 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება მოგზაურებს, რომლებსაც პორტუგალიაში სურთ ვიზიტი , მათ უნდა წარადგინონ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი.

ნორვეგია  ევროპაში ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ლიდერობს თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა უახლოეს კვირებში ომიკრონის გამო გაიზრდება.

სხვა ქვეყნის ექსპერტების მსგავსად, ნორვეგიელებიც ამბობენ, რომ ომიკრონის  ვარიანტი უფრო მეტად ახალგაზრდებსა და ბავშვებში ვრცელდება.

ავსტრია კი, ვირუსის მორიგ ტალღას ახალი შეზღუდვებით შეებრძოლება, ძირითადად, ის გაამკაცრებს შეზღუდვებს არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის,  ასევე რესპირატორული ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend