მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა

ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათსა და მანგისტაუში მოქმედებდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობო ძალებს აგზავნის. მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეტაკებების დროს რვა პოლიციელი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ძალადობრივ აქციებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა რამდენიმე სამთავრობო შენობასაც წაუკიდეს ცეცხლი. ორგანიზაცია მოსკოვშია დაფუძნებული და მასში 6 ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა გაწევრიანებული

რამდენიმე საათში კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში  სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მომიტინგეები ყაზახეთის ყველაზე დიდ ქალაქში პრეზიდენტის რეზიდენციასა და ქალაქის მერიაში შეიჭრნენ და ორივე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საპროტესტო გამოსვლები საწვავზე ფასის მომატების შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტიც.

უკვე რამდენიმე დღეა, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არ წყდება შეტაკებები. მომიტინგეთა დასაშლელად პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეს ცეცხლიც გაუხსნა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მომიტინგეებთან შეტაკებებს 8 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაერო ყაზახეთის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება ქვეყანაში მზარდი დაძაბულობისა და პროტესტის ფონზე.

გაეროს სპიკერი სტეფან დიუჟარიკი აცხადებს, რომ გაერო ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ  მაქსიმალურად შეიკავოს თავი  ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გამართვას.

ყაზახეთი სიდიდით მეცხრე ქვეყანაა მსოფლიოში. იგი ჩრდილოეთით რუსეთს, ხოლო აღმოსავლეთით ჩინეთს ესაზღვრება და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რაც მას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად აქცევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend