საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატებასთან ერთად ქვეყანაში დაძაბულობაც იზრდება. კანონმდებლები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ საერთო პოზიციაზე, უფრო კატეგორიულად – მოსთხოვონ თუ არა მოქალაქეებს აცრა. ბოლო 24 საათში საფრანგეთში 270 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ იგი მზად არის, საფრანგეთის 5 მილიონ აუცრელ მოქალაქეს აცრა აიძულოს, თუნდაც ამან მათი გაღიზიანება გამოიწვიოს. მის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მეთაური ასე არ უნდა საუბრობდეს.
ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში დღიურად კორონავირუსის 200 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ დიდი ეროვნული ძალისხმევის წყალობით, რომელიც ბუსტერ დოზებს უკავშირდება, უსაფრთხოების გარკვეულ დონეს მიაღწიეს. ხელისუფლებამ გარკვეული რეგულაციები შობის დღესასწაულამდე აამოქმედა, ამიტომ შესაძლოა, ეს ტალღა ბრიტანელებმა დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადააგორონ.
შეერთებულ შტატებში კი, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „ფაიზერის“ სამკურნალო აბებს იმარაგებენ, რათა კორონავირუსის ყველაზე მძიმე გამოვლინებებს შეებრძოლონ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ომიკრონი ძალიან გადამდები ვარიანტია, სწრაფად ვრცელდება და ყველა სხვა შტამისგან განსხვავებულია. თუმცა ბაიდენის აზრით, ამერიკელებს თავის დაცვაც შეუძლიათ. ჯო ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, აიცრან, მიიღონ ბუსტერ დოზა და გამოიყენონ პირბადე.
იმ დროს, როდესაც მსოფლიო შეზღუდვებსა და ვაქცინაციის პროგრამებზე საუბრობს, ჩინეთი ნულოვანი კოვიდის სტრატეგიას იყენებს. სამი უსიმპტომო შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ 1.2-მილიონიანი ქალაქი მთლიანად ჩაეკეტათ. ისინი უერთდებიან ქალაქ სიანის 13 მილიონ მოსახლეს, რომლებიც ასევე კარანტინის რეჟიმში არიან.