ანტიამერიკული შეძახილების ფონზე, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ასობით ადამიანმა ორი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ირანელი გენერლის ყასიმ სოლეიმანის ლიკვიდაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ირანის მხარდამჭერი შიიტი მოსახლეობა, ერაყის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ამ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ორი წლის წინ ჩატარებული სამხედრო ოპერაციისას, გენერალი ყასემ სოლეიმანი სამხედრო დრონის მეშვეობით გაანადგურეს. ირანელი გენერალი სამშობლოს გარეთ მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა, მათ შორის, ერაყშიც.
სამხედრო ოპერაციის შემდეგ თეირანსა და ვაშინგტონს შორის უკვე დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.
ერაყის პარლამენტმა კი დადგენილება მიიღო, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიიდან უცხო სახელმწიფოს ჯარების გაყვანა მოითხოვა. ამ ეტაპზე ერაყის ტერიტორიაზე კვლავ რჩება დასავლეთის სახელმწიფოების, უმეტესწილად ამერიკის შეერთებული შტატების არმიის 3 ათასამდე სამხედრო.
ვაშინგტონის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეობა ერაყის პრეზიდენტმაც მიიღო.
ერაყში პროირანული სამხედრო დაჯგუფების ლიდერმა აბუ ალი ალ კუფიმ კი განაცხადა, რომ ერაყელი ერი მდუმარე ვერ იქნება, როდესაც ერთ-ერთი წამებული ლიდერი მოკლულია.
“თქვენ, მკვლელები დაბნეულები ხართ! ერაყელი ერი არ არის ის ერი, რომელიც მდუმარე იქნება მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი წამებული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მხრიდან საუკეთესო პასუხი სუვერენიტეტის დაცვა, თავისუფლების მოპოვება და უცხოური ჯარების ჩვენი სამშობლოდან გაძევებაა“, – მიმართა ერაყელებს პროირანული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა აბუ ალი ალ კუფიმ.
ირანელი გენერლის მკვლელობიდან ორი წლის თავზე, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, მცირე მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა, ერაყის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, რაკეტა დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონიდან გაისროლეს.