ხალხმრავლობა, ავტომობილების ხერგილები, მრავალფეროვანი საახალწლო განათება და სანტა-კლაუსები… ბაზრობასთან განსაკუთრებულად იგრძნობა, რომ ახალი წელი მოვიდა. დეკემბრიდან მოყოლებული საახალწლო სამზადისი უფრო აქტიურდება. დახლებზე გასაყიდი ნივთები მატულობს, , საახალწლო მორთულობაც სულ უფრო ბევრია. აქ გამყიდველიც ბევრია და მყიდველიც. ყველას სჯერა, რომ ეს ახალი წელი შარშანდელისგან განსხვავებული იქნება. საახალწლო განწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდებში იგრძნობა.
„მშვენიერი საახალწლო განწყობა მაქვს. ახალი წელი მოდის. ახლა ცოტა პანდემიამ გააფუჭა განწყობა, მაგრამ იმედია, 2022 კარგი წელი იქნება. საახალწლო სამზადისი ისეთივეა, როგორიც ყოველ წელს არის ხოლმე. თუმცა წელს თითქოს განსაკუთრებულია, რადგან უფრო ხალისიანი გახდა ახალი წელი”, – თქვა დათო რუხაძე-როსტიაშვილმა ევრონიუსთან ჯორჯიასთან საუბარში. მისი მეგობარი თემო გიორგობიანი ამბობს, რომ საახალწლო განწყობა ყოველ წელს აქვს.
„რაც უნდა მოხდეს, პანდემია თუ სხვა, საახალწლო განწყობა ყოველ წელს მაქვს. გარეთ განათებები, ნაძვის ხე… ეს ყველაფერი ქმნის განწყობას“, – გვეუბნება თემო.
მათ უკვე მოასწრეს ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის საჩუქრების ყიდვა.
მოვაჭრეები მაინც ჩივიან, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო წელს პროდუქტების შეძენა მოქალაქეებს განსაკუთრებით უჭირთ. ბაზრობებზე ნაკლები მყიდველი დადის. ფასებიც გაიზარდა. ეს ყველაფერი კი ვაჭრობაზე უარყოფითად აისახება.
„ნაკადი ნაკლებია, მომხმარებელიც ნაკლები. შესაბამისად, ეს მუშაობასაც დაეტყო“, – ამბობს ნუგზარ სიჭინავა.
ლია ბარდაძის თქმით, ბაზრობაზე ხალხი დადის, მაგრამ მყიდველი არ არის.
„პანდემიის გამო ნაკლები მყიდველია. ალბათ ხალხს ფულიც არ აქვს, რომ რამე იყიდოს ან შეიძინოს. აქ ძირითადად გაჭირვებული ხალხი შემოდის. ისინი ვერაფერს ყიდულობენ. დადიან, მაგრამ ვერაფერს ყიდულობენ. ვისაც ფული აქვს, ცენტრალურ დიდ მაღაზიებში მიდის, აქ არა. არ არის ვაჭრობა“, – წუხს ლია.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან, დიდ სავაჭრო ცენტრებში საახალწლო მზადებასთან ერთად მყიდველთა რაოდენობამაც იმატა. შესაბამისად, მაღაზიების თანამშრომლებიც უფრო დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. ბევრი მაღაზია მომხმარებელს საახალწლო ფასდაკლებასაც სთავაზობს.
„განსაკუთრებით არასამუშაო დღეებში იგრძნობა მატება. ძირითადად, უფრო სასაჩუქრედ მოდიან ხოლმე. „ამისთვის მინდა და ამარჩევინეთ. ეს თუ მოეწონება და ასე შემდეგ.“ ამ პერიოდში ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ ხოლმე. ჩვენთვის სპეციალურად შეიქმნა ქართული დიზაინით საახალწლო სუფრები ქართველი დიზაინერების მიერ. მომხმარებელს უფრო და უფრო მეტ აქციასა და ფასდაკლებას ვთავაზობთ“, – ამბობს მაღაზია „პერფექტოს“ გაყიდვების მენეჯერი მარიამ ცეცხლაძე.
მძიმე პანდემიის ფონზე, ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთს საახალწლო განწყობა შეუქმნან. სკოლის მასწავლებელი ლელა ფაიქიძე სავაჭრო ცენტრში საჩუქრების საყიდლად მოვიდა.
„პანდემიის გამო ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ფინანსური კრიზისია, ხალხს უჭირს. შესაბამისად, საახალწლო განწყობა ნაკლებად მაქვს, უბრალოდ, მე ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც მოსწავლეები, სპეციალური განათლების მქონე ბავშვები არიან, ამიტომ მუდმივად ვალდებული ვარ, მათთან ბედნიერი ვიყო და სადღესასწაულო გაწყობა შენარჩუნებული მქონდეს. ამიტომ ჩემს თავს მოდუნების შესაძლებლობას არ ვაძლევ და ახალი წელი მიხარია“, – თქვა მან.
თორნიკე კოპლატაძე