მთავარიმსოფლიოროგორ შეიცვალა მოდა პანდეემის დროს და რომელი ფერი იქნება ყველაზე აქტუალური 2022...

როგორ შეიცვალა მოდა პანდეემის დროს და რომელი ფერი იქნება ყველაზე აქტუალური 2022 წელს

პანდემიის მიუხედავად საზოგადოება 2022 წლის მოდის ტენდენციებს ყურადღებით აკვირდებოდა. ივ სენ ლორანმა გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია შავი ტანსაცმლითა და მინორული მელოდიით გახსნა, რაც ფერადმა სამოსმა და ენერგიულმა მუსიკამ მალევე შეცვალა.  გაჩნდა იმედიც, რომ იქნებ 2022 წელი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ივ სენ ლორანმა წარმოგვიდგინა – ნათელი, ფერადი და მხიარული.

მოდის ინდუსტრიაში  ერთ-ერთი მდიდრული ბრენდის ლუი ვიტონის წლევანდელი ჩვენება წინა წარმოდგენებისგან, ფაქტობრივად, არც განსხვავდებოდა. დამსწრე საზოგადოება პირბადეებით რომ არ ყოფილიყო,  ვერც კი იფიქრებდით, რომ პანდემიამ წელს რამე გავლენა მოახდინა მოდის სამყაროზე. 2022 წელს ამ ბრენდის რჩეული ფერებია: შავი, თეთრი, ოქროსფერი და ლურჯი.

ბრენდები ცდილობენ ალტერნატიული გზის ძიებას. გარკვეული შეზღუდვებით ჩიხში შესულმა მოდის ინდუსტრიამ მსოფლიო პანდემიის პირობებშიც კი იპოვა საუკეთესო გამოსავალი და თითქმის მთლიანად ციფრულ ჩვენებებზე გადავიდა. ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, რომლის შექმნილი სამოსითაც ჰოლივუდის ვარსკვლავები იწონებენ თავს, მაყურებლის წინაშე ვირტუალურად წარდგა.

საქართველოში ქართველი დიზაინერებიც მოერგნენ პანდემიას და  გაციფრულებული მოდის სამყაროს შეუერთდნენ. დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე მოდის განვითარების შემდეგ ეტაპს ინდივიდუალიზმის მაქსიმალურად წარმოჩენაში ხედავს. მისი აზრით, 2022 წლის ფერებიც ისეთივე კონტრასტული იქნება, როგორიც მოდის სამყარო.

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე 2022 წლის მთავარ ფერად, რამდენიმე ფერის გრადაციას გვთავაზობს. ესენია: ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და იისეფერი.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში წელს არაერთხელ მოექცა. მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული, ექსტრავაგანტული და გახმაურებული მოვლენა  ის იყო, რომ მეტ გალაზე სწორედ ბალენსიაგას მოდის სახლის მიერ შექმნილი სამოსით იწონებდნენ თავს ვარსკვლავები. კიმ კარდაშიანისა და დემნა გვასალიას წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2021 წლის მეტ გალას მთავარი თემა ,,ამერიკული მოდის ლექსიკა“ იყო, რომელიც ბალენსიაგამ თავისი ხედვით წარმოაჩინა.

სანამ მთელი მსოფლიო დემნა გვასალიაზე საუბრობდა, კიდევ ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა მოდის ინდუსტრიაში, ქეთი ჩხიკვაძემ, პარიზის მოდის კვირეულზე მორიგი წარმატებული ჩვენება გამართა. მისი კოლექცია მრავალფეროვნებითა და სიკაშკაშით გამოირჩევა. ქართველი დიზაინერი 2022 წელს ყველა ქალს სწორედ ნათელი ფერების უპირატესობას სთავაზობს.

სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, მოდის ინდუსტრია ახალ სივრცეებს იპყრობს. თავისუფლებითა და იმედით შეჰყურებს მომავალს, იმ მომავალს, რომელშიც ცარიელი კლდეებისა და ძლიერი ტალღების მიღმა მოახერხებს ადამიანებთან შეხვედრას!

ავტორი მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend