მთავარი ევროპა ავსტრია ვენის ვაქცინაციის ცენტრში ყალბი სერტიფიკატების გაცემის თაღლითური სქემა გამოავლინეს

ვენის ვაქცინაციის ცენტრში ყალბი სერტიფიკატების გაცემის თაღლითური სქემა გამოავლინეს

პოლიცია იძიებს მასშტაბური თაღლითობის საქმეს ავსტრიაში. ვენის ვაქცინაციის ყველაზე დიდ  ცენტრში ათობით ადამიანს აცრის გარეშე მისცეს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი. ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად იყიდებოდა ასეთი სერტიფიკატები.

როგორც ვაქცინაციის ცენტრის ოპერატორი სტეფანი კურცვეილი ამბობს, მათ ამ თვის დასაწყისში შეიტყვეს, რომ ვაქცინაციის ცენტრში თაღლითური სქემა მოქმედებდა. ინფორმაცია მათ თანამშრომლებისგან მიიღეს, შემდეგ კომპიუტერულ ბაზაში გადაამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ თაღლითობასთან ჰქონდათ საქმე.

ვაქცინაციის ცენტრის ოპერატორის აზრით, ამ ცენტრში თაღლითობის 30-დან – 100-მდე  შემთხვევა იყო. ამჟამად შეუძლებელია იმის გარკვევა,  რეალურად ვინ მიიღო ვაქცინა და ვინ არა. 2 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. მათ შესახებ ინფორმაცია უკვე გადასცეს პოლიციას.

ვაქცინაციის ცენტრის ოპერატორი სტეფანი კურცვეილი ფიქრობს, რომ ასეთი სერტიფიკატის თაღლითურად გაცემის საქმეში სხვა ადამიანებიც არიან ჩართული.

ავსტრიის პრესის სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებას, სავარაუდოდ, 2-ზე მეტი ეჭვმიტანილი ჰყავს. როგორც ირკვევა, ადგილზე ვაქცინციის ცარეილი ბარათები და ეტიკეტები იყო მიმოფანტული, შესაბამისად, ადვილად შეიძლებოდა მისი მოპარვა.  უსაფრთხოების მიზნით  ახლა თითოეულ თანამშრომელს შეამოწმებენ. ვაქცინაციის სერტიფიკატის დადასტურება კი ვაქცინირებულ პირს რამდენიმე სხვდასხვა ადგილას მოუწევს.

პოლიცია განსაკუთრებულ ყურადღებას ერთ ეჭვმიტანილზე ამახვილებს.

ვენის პოლიციის წარმომადგენელის ბარბარა გასის განცხადებით, 11 დეკემბერს ვაქცინაციის ცენტრში მყოფ 26 წლის ავსტრიელ ქალს, სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრისას რამდენიმე ადამიანის გვარი ჩაანიშნინეს. მან ეს მონაცემები ვაქცინაციის ბაზაში შეიყვანა. გაირკვა, რომ ეს პირები არ იყვნენ აცრილები. მისი თქმით,  გამოძიება ჯერჯერობით ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

გასულ კვირებსა და თვეებში ავსტრიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 70 პროცენტზეა. თუმცა ჩნდება კითხვა, ხომ არ მოქმედებდა თაღლითური სქემა ვაქცინაციის სხვა ცენტრებში და რამდენად არიან ნამდვილად აცრილები ის ადამიანები, რომელთაც  ვაქცინაციის სერტიფიკატები აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend