მთავარისაქართველოქართული კერძები სომხურ სუფრაზე

ქართული კერძები სომხურ სუფრაზე

ნინა გევორქოვას, ოჯახში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ნინა მომღერალია, საქართველოში დაიბადა და მთელი ცხოვრება თბილისში  ცხოვრობს. მისთვის ახალი წლის დადგომა უდიდესი დღესასწაულია, და ამ დროს ყოველთვის ცდილობს სომხური ტრადიციებიც დაიცვას და ქართულიც.

„ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები საქართველოში არიან დაბადებული, მაგრამ სომხეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. პანდემიამდე სომხეთში სომხურ-ქართულ მოტივებზე კონცერტი გამართეს. მე საიათნოვას სიმღერა ავარჩიე, რომელიც ეთნიკურად სომეხი იყო, მაგრამ თბილისში მოღვაწეობდა. სიმღერაც ნახევრად სომხურად, ნახევრად ქართულად შევასრულე. ვცდილობ ჩემს ქართველ მეგობრებსაც ვაჩვენო ჩვენი კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ მე ეთნიკურად სომეხი ვარ და მიყვარს ჩემი სომხეთი, ისევე როგორც ჩემი საქართველო, მე სომხეთში საცხოვრებლად ალბათ ვერ გადავალ, რადგან ჩემი ნათესავები და მეგობრები აქ არიან. საშუალება რომ მქონდეს, რა თქმა უნდა, იქაც მექნებოდა სახლი, მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველოში დავრჩები“, – ამბობს ნინა.

ახალი წლისთვის, ნინა ტრადიციულ სომხურ ქადასა და ტოლმას ამზადებს. ამბობს, რომ ქართული და სომხური სუფრის ტრადიციები უკვე ერთმანეთთან არის შერწყმული, რადგან სომხეთში ნათესავებისა თუ მეგობრების მოსანახულებლად ჩასულს, ხშირად უნახავს ქართული კერძები სომხურ სუფრაზე.

„სომხეთში ახალი წლის შეხვედრისას, მათაც ჰქონიათ სუფრაზე ქართული კერძები. მაგალითად, საცივი. მე ეს ყოველთვის ძალიან მიკვირდა. ჩვენს ოჯახშიც არის როგორც ქართული კერძები, ასევე სომხურიც. სომხური კერძებიდან ძირითადად გვაქვს ტოლმა, მაგრამ ტოლმა ძალიან ბევრ ქართულ ოჯახშიც მინახავს. სომხურ და ქართულ ტრადიციებში მე პირადად ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას. იქ რო ჩავდივარ ვიზუალურადაც კი ჰგავს ხალხი ერთმანეთს. ძალიან ბევრი მყავს ნაცნობი, ვინც იქიდან ჩამოსულა აქ და აქ უფრო მოსწონთ ცხოვრება, ვიდრე იქ“, – მიიჩნევს ნინა.

2022 წლისთვის ნინას მთავარი სურვილი ჯანმრთელობაა და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი წელი პანდემიის დასრულებისა და გადადებული ოცნებების ასრულების წელი იქნება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend