იყო და არა იყო რა… ალბათ, ასე დაიწყებოდა ეს ამბავი ზღაპარში რომ ვიყოთ. კოვიდ-19 ბოროტი ანტიგმირი იქნებოდა. ინფიცირებული ბავშვები კი ზღაპრის კეთილი გმირები, რომელთაც ბოროტი კოვიდ-19 ახალ წელს სახლში ახლობლებთან შესახვედრად არ უშვებს და შენობაში კეტავს. შემდეგ ისე, როგორც ყველა ზღაპარში, კეთილი დასასრულის ძიებაში, სხვა გმირები ახალ წელს სწორედ იმ შენობასთან გადმოიტანდნენ, სადაც ბავშვები არიან დატყვევებული. ხშირად ცხოვრებაშიც სწორედ ისე ხდება, როგორც ზღაპარში – დღეს სწორედ ეს შემთხვევაა.
სპეციალურად ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პატარა ინფიცირებული პაციენტებისთვის, რომლებიც ახალ წელს ოჯახში ვერ ხვდებიან, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ეზო ზღაპრის გმირებითა და პერსონაჟებით გაივსო. პანდემიის გამო ბავშვებმა გმირებთან ახლოს მისვლა ვერ შეძლეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არც გმირებს ჰქონდათ კლინიკაში შესვლის უფლება. თუმცა ამას ახალი წლის დღესასწაულის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია.
„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წელი, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სახლში ვერ ხვდება და საავადმყოფოშია სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენთვის ყოველთვის ბედნიერების მომტანია და ვცდილობთ, ეს ბედნიერება ბავშვებს გავუზიაროთ, რადგან ისინი ყოველთვის მეტ შემართებასა და ენერგიას გვაძლევენ“, – ამბობს ტრისტან სულაბერიძე „ქუჩის თეატრის“ მსახიობი.
პალატის ფანჯრებიდან ნახევარი საათის განმავლობაში თვალებგაფართოებული ბავშვები იყურებოდნენ. მათ გვერდით იყვნენ მშობლები და თეთრხალათიანები, რომლებმაც უკვე ორი წელია, ყველა სუპერგმირი ჩაანაცვლეს და ინფიცირებული ბავშვებისთვის ნამდვილ გმირებად იქცნენ.
„ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვებს აქ ყოფნის პერიოდი გავულამაზოთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ინფიცირებულია, რადგან, ფაქტობრივად, ისინი ერთ ოთახში, ერთ პალატაში არიან მუდმივად და ვერ გამოდიან გარეთ. ვცდილობთ, მათ აქ ყოფნა გავუხალისოთ ხოლმე, მგონი, ჩვენც ზღაპრის გმირებივით ვართ ხოლმე“, – ამბობს თამუნა ავალიშვილი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრი.
ზეიმის ბოლოს ინფიცირებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ციციშვილის კლინიკაში 2021 წელი ყველაზე რთული აღმოჩნდა და მაინც, აი ასე დასრულდა 2021 და ასე დაიწყო 2022 წელი. ზღაპრის ბოლო ხომ ყოველთვის კეთილია.
ანანო ღუდუშაური