მთავარისაქართველო„ციცინათელების ქვეყანა“

„ციცინათელების ქვეყანა“

არც თუ ისე იოლია გააცინო პატარა პაციენტი, რომელიც ახალ წელს კლინიკაში ხვდება. თუმცა „ციცინათელების ქვეყანაში“ მომუშავე ექთნები ძალ-ღონეს არ იშურებენ მათ გასამხიარულებლად. ამბობენ, რომ ბავშვები ძალიან გულწრფელები არიან და მათთან ურთიერთობა უადვილდებათ. ადრე ჰოსპისში ანიმატორები ჰყავდათ, თუმცა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და ახლა ზღაპრის გმირების როლების მორგება თავად მედპერსონალს უწევს.

„საახალწლო გარემოს როდესაც ვქმნიდით, მახსოვს, როგორი ემოციები ჰქოდათ ჩვენს ბავშვებს, როგორ უხაროდათ, როგორ იცინეს ნაძვის ხეზე, არაჩვეულებრივი გარემო იყო. მორთვის პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. ეს ბავშვებიც გაოცებულები უყურებდნენ ამ ყველაფერს და თვალებით გადმოსცემდნენ იმ ბედნიერ განცდას, რაც ჰქონდათ. იმდენად გულწრფელი სიცილი, ღიმილი აქვთ, ისე გავსებს ბედნიერებით, რომ ძალიან სახალისოა ჩვენთვის ყველა როლის მორგება“, – თქვა ექთანმა, ეკატერინე კუპატაძემ.

„ციცინათელების ქვეყანაში“ ოჯახური გარემოა. როგორც აქ მოსული მშობლები ამბობენ, ჰოსპისში ყოფნისას მძიმე დღეები უმსუბუქდებათ და ერთმანეთსაც უმეგობრდებიან.

„ძალიან კარგია აქ, ყველა ძალიან თბილია, ისეთ სითბოს იგრძნობს ვინმე, რომ მოვიდეს“, – თქვა მშობელმა მაია მიქაძემ.

„როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობ აქ თავს, ყველა ისეთი თბილია, არა მხოლოდ ბავშვების, ჩვენ მიმართაც. როგორც საკუთარ ოჯახში გრძნობ თბილად თავს, ისევ ვართ ყველა მათგანთან. თუნდაც მშობლები ერთმანეთთან და თუნდაც მედპერსონალთან“, – აღნიშნა მშობელმა სოფია მირანიანმა.

„ციცინათელების ქვეყანა“ ბავშვთა ჰოსპისია, რომლის მიზანიცაა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს პრობლემები შეუმსუბუქდეთ. აქ სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ, ეს არის სტაციონარული მომსახურება, დღის ცენტრი და შინ ზრუნვის პროგრამა. ჰოსპისი უკვე ოთხი წელია არსებობს და ახლა პროგრამაში 71 ბავშვი მონაწილეობს.

„სამწუხაროდ, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწია დღის ცენტრის დახურვა, შინ ზრუნვის სერვისები და სტაციონარი არ გაჩერებულა. ჩვენ მთელი პანდემიის პერიოდში ვმუშაობდით, რა თქმა უნდა, მთელი წესების დაცვით. ჩვენ ასევე დატრენინგების პროგრამა გვაქვს, როდესაც მშობლებს გადავამზადებთ და იმ ბაზისურ სერვისებს მოვლის წესებს ვასწავლით, რომ მათ ზონდით კვებონ თავიანთი შვილები, გარკვეული პროცედურებით დაუმუშაონ ჭრილობები. ანუ, იმ მინიმალურ ცოდნას ვაძლევთ, რომ კომფორტულად იგრძნონ ბავშვის მოვლისას თავი“, – განაცხადა „ციცინათელების ქვეყნის“ დირექტორმა მამუკა მახათაძემ.

„ციცინათელების ქვეყანაში“ ფიქრობენ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია და სჯერათ, რომ ამ ღამით ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ახდება…

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend