მთავარისპორტიროგორ დაუბრუნდა სპორტი მაყურებელს 2021 წელს

როგორ დაუბრუნდა სპორტი მაყურებელს 2021 წელს

მართალია, 2020 წელი კოვიდ-19-ის შეზღუდვების გამო სპორტის სამყაროსთვის ყველაზე განსხვავებული წელი გამოდგა,  მაგრამ შეზღუდვები არც 2021 წელს იყო უცხო. მიუხედავად ამისა, ათლეტებმა გულშემატკივრები ბევრჯერ გაახარეს.

პანდემიის პიკში, ფაქტობრივად, მაყურებლისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის  გარეშე ოლიმპიური თამაშების გამართვა ტოკიოში რთული ლიგისტიკური ამოცანა გამოდგა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა თავი მაინც გამოიჩინეს. იტალიელმა ლამონტ მარსელ ჯეიკობსმა მოიპოვა ოქროს მედალი 100 მეტრ გარბენში, იამაიკელი ელაინ ტომპსონ-ჰერა კი პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი 100  და 200 მეტრიან გარბენში დაიმსახურა.

18 წლის ტუნისელმა მოცურავემ აჰმედ ჰაფნაუიმ  სპორტის სამყაროს დაუმტკიცა, რომ ზღაპრებიც ცხადდება და 400 მეტრი თავისუფალი სტილით ცურვის შეჯიბრებაში გაიმარჯვა. კალებ დრესელმა, ემა მაკკეონმა, კეტი ლედეკიმ, არიარნე ტიტმუსმა კი გულშემატკივრებს იმედები გაუმართლეს.

ტოკიო 2020-მა ბევრჯერ ააღელვა საზოგადოება, იქნებოდა ეს ტომ დეილის სიხარულის ცრემლები თუ სიმონ ბაილზის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. ამ ოლიმპიადამ სპორტის 4 ახალი სახეობა აღიარა, რითაც ოლიმპიურ ოჯახს ახალი მწვერვალების დაპყრობისა და ახალგაზრდა თაობასთან მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალება მისცა.

17-დღიან შეჯიბრებაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე ჩინეთი გავიდა, მესამეზე კი – იაპონია. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ათლეტებმა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის  ფასად მსოფლიო გააერთიანეს.

2021 წელი განსაკუთრებული იყო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც. ლონდონში, „უემბლიზე“ იტალიის ნაკრებმა ადგილობრივ გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, რადგან ევრო 2020-ის ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

პანდემიის გამო ერთი წლით გვიან ჩატარებულ ტურნირზე გულშემატკივრებმა თვეების განმავლობაში შეზღუდვებისა და კარანტინის გამო დაგროვილი ემოციები გამოხატეს.

ინტენსიური ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ტურნირი პლეიოფში კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ნეიტრალური მაყურებლისთვის ესპანეთის გამარჯვება ხორვატიასთან – 8-გოლიანი მატჩი შესანიშნავი სანახავი იყო, ამავდროულად, შვეიცარიამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ნერვების გამოცდისა და ლიდერების კარგი თამაშის ხარჯზე ინგლისის ნაკრები ფინალში გავიდა, თუმცა იქ ლუკ შოუს გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაქვითა და სკვადრა აძურამ ტიტული პენალტების სერიით მოიგო.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იტალიის ახალგაზრდებითა და გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ქვეყანას მეექვსე საფეხბურთო ტიტული მოუტანა. რობერტო მანჩინის შეგირდებმა 34-ე შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარეს.

წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური ჩემპიონატი „ფორმულა ერთში“, ლიონელ მესის გადასვლა „პარი სენ-ჟერმენში“, ტადეი პოგაჩარის გამარჯვება „ტურ დე ფრანსზე“ ზედიზედ მეორედ და ლეგენდარული მოტომრბოლელის ვალენტინო როსის დამშვიდობება მოტოსპორტთან – ასეთი გამორჩეული გამოდგა 2021 წელი, თუმცა მეტიც შეიძლებოდა.

 

ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობაზე ლიდერობის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეეძლო, გამხდარიყო პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც 50 წლის განმავლობაში ოთხივე დიდი სლემის ტიტული მოიგო. მაგრამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელ დანიილ მედვედევთან დამარცხდა.

34 წლის სერბი 2 სეტში დამარცხდა, თუმცა ნიუ-იორკის გული მაინც მოიგო. ამ ქალაქს ასეთი მხარდაჭერა, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის გარდა, არავის მიმართ გამოუხატავს.

ჯოკოვიჩს, ფედერერსა და ნადალს დიდი სლემის ტურნირი 20-20-ჯერ აქვთ მოგებული. მომდევნო წელს სამივე მათგანი შეეცდება წინ გასვლას. 2022 წელს კატარში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, პეკინი ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. სხვა მნიშვნელოვან ტურნირებთან ერთად, გულშემატკივარს წინ დიდი სანახაობა ელის.

ავტორი: ენდი რობინი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend