მთავარიმსოფლიოახალი ერის განთიადი: როგორ შეცვალა 2021 წელმა ჩვენი დამოკიდებულება კოსმოსთან

ახალი ერის განთიადი: როგორ შეცვალა 2021 წელმა ჩვენი დამოკიდებულება კოსმოსთან

შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს კოსმოსური ტურიზმი  რეალობად იქცა.  ბრიტანელი რიჩარდ ბრენსონი პირველი მილიარდერია, რომელიც წელს დედამიწის ატმოსფეროს ფარგლებს მცირე ხნით გასცდა. 9 დღის შემდეგ კი ჯეფ ბეზოსი კაფსულა „ბლუ ორიჯინით“ (blue origin) ბრენსონზე 20 კილომეტრით  მაღლა აფრინდა.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის ჯოზეფ აშბაქერის განცხადებით, ორბიტაზე გასეირნება მდიდრებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

ჯოზეფ აშბაქერი, ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი

„ეს ახალი ეპოქის დასაწყისია. მე ველი, რომ 7-8 წელიწადში კოსმოსში უფრო მეტი ტურისტი იფრენს, ვიდრე ასტრონავტი, ამ ტერმინის კლასიკური გაგებით. დიახ, ნამდვილად ახალ ეპოქაში შევდივართ.“

სანამ მოყვარულები ამ ახალი შესაძლებლობებით ერთობიან, პროფესიონალმა ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო ექსპერიმენტებით დატვირთული კიდევ ერთი წელი გაატარეს. პარალელურად, რა თქმა უნდა, სადგურზეც ზრუნავდნენ.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტმა ტომას პესკემ ექვსი თვის განმავლობაში ასობით ექსპერიმენტზე იმუშავა, თავისუფალ დროს კი ძირითადად სოციალურ ქსელებში თავის გულშემატკივრებთან საუბარში ატარებდა.

მის გერმანელ კოლეგას მათიას მაუერს წელს რთულ სიტუაციასთან მოუწია გამკლავება. რუსეთმა თავისი ძველი თანამგზავრი საცდელი რაკეტით ჩამოაგდო, რითაც კოსმოსურ ნაგავთან შეჯახების საფრთხე გაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

მიუხედავად თანმხლები რისკებისა, ასტრონავტობა, როგორც ჩანს, მაინც ბევრი ადამიანის ოცნებაა — ევროპული კოსმოსური სააგენტო მხოლოდ ექვს ახალ ასტრონავტს ეძებს, თუმცა ამ ვაკანსიაზე სააგენტოში 22 000 განცხადება შევიდა.

ჯოზეფ აშბაქერი, ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი გამოხმაურებაა. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები კოსმოსით არიან დაინტერესებული ანუ ბევრი ოცნებობს ასტრონავტობაზე. ეს ფანტასტიკურია.“

ახალწვეულ ასტრონავტებს, შესაძლოა, ერთ დღეს, მარსზე გასეირნების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, ჯერჯერობით, წითელ პლანეტაზე მხოლოდ რობოტები და თანამგზავრები არიან.

მარსს კარგი წელი ჰქონდა. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი, რომელსაც „იმედი“ შეარქვეს, მარსის ატმოსფეროში წარმატებით განთავსდა. ხოლო ზაფხულში ჩინეთმა მარსის ზედაპირზე მარსმავალი, სახელწოდებით „ზურონგი“ დასვა. ეს ჩინეთისთვის წითელი პლანეტის ზედაპირზე განხორციელებული პირველი მისიაა.

ნასას ყველგანმავალი „პერსევერანსი“ კი ჯერ წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე, შემდეგ კი პაწაწინა შვეულმფრენი გაუშვა, რომელმაც წითელ პლანეტაზე რამდენჯერმე იფრინა.

ახლა კი დავბრუნდეთ დედამიწაზე. 2021 წელს თანამგზავრულმა ფოტოებმა, შეიძლება ითქვას, თვალი აგვიხილა კლიმატის ცვლილების შესახებ. თანამგზავრებიდან წარმოებულმა კვლევებმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, თუ რამდენად ცვლის ადამიანის ქცევა ჩვენს პლანეტას.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend