კინოკრიტიკოსების თქმით, 2021 იყო ძალიან მრავალფეროვანი წელი საავტორო კინოსთვის. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მეტი ფილმის გადაღება გახდა შესაძლებელი. კრიტიკოსებს განსაკუთრებით მოეწონათ საავტორო ფილმები – „ანეტი“, „ძირტკბილა პიცა“, „მწვანე რაინდი“ და „ტიტანი“.
წელს კანის კინოფესტივალი ლეოს კარაქსის ფსიქოლოგიურმა დრამამ „ანეტმა“ გახსნა. ფილმში მსახიობები ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარე თამაშობენ წარმატებული კარიერების მქონე ცოლ-ქმარს, რომელთაც შვილად ხის თოჯინა სახელად ანეტი შეეძინებათ. ფილმი მუსიკალური ჯგუფის „სპარქსის“ მიერაა გაფორმებული.
კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა კინოსტუდია A24-ის ფენტეზი ფილმმა „მწვანე რაინდმა“. ფილმში მეფე არტურის დისშვილის გავაინის ამბავია მოთხრობილი. გავაინს უცნობი მწვანე რაინდი, შუა საუკუნეებში გავრცელებულ, თავის მოკვეთის თამაშში გამოიწვევს.
წელს კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ჯულია დიუკურნოს საშინელებათა ფილმ „ტიტანს“ გადაეცა. ფილმი გვიყვება სერიულ მკვლელ გოგოზე, რომელიც ავტომობილისგან დაფეხმძიმდება. ახალი ცხოვრების დასაწყებად იგი თავს დიდი ხნის წინ დაკარგულ ბიჭად ასაღებს.
ცნობილმა რეჟისორმა პოლ თომას ანდერსონმა წელს ახალი ფილმი „ძირტკბილა პიცა“ გამოუშვა. ფილმში მოქმედება 70-იანი წლების კალიფორნიაში ხდება, ხოლო მთავარ როლებს მუსიკოსი ალან ჰაიმი და მსახიობ ფილიპ სიმორ ჰოფმანის ძმა, კუპერ ჰოფმანი ასრულებენ. ფილმში ასევე შონ პენი, ტომ უეითსი და ბრედლი კუპერი თამაშობენ.