მთავარიმსოფლიო2021 წელს მიგრაცია ისევ დაბრუნდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში

2021 წელს მიგრაცია ისევ დაბრუნდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში

ყველა სხვა სირთულესთან ერთად, რომლებიც ევროპას 2021 წელს დაატყდა თავს, მიგრაციაც იყო – მცირედი პაუზის შემდეგ ეს პრობლემა ისევ დღის წესრიგში დადგა, თუმცა ამჯერად სხვა სახით.

მატეუშ მორავეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი:

“ბატონებო და ქალბატონებო, მოგმართავათ, რადგან ევროპა, ჩვენი სახლი, განსაცდელშია. სწორედ ამ წუთებში პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინის ფარული მხარდაჭერით ევროკავშირს გამოუცხადა.“

ჰიბრიდული ომი ერთ-ერთია იმ ტერმინებს შორის, რომლებიც ირგვლივ გაისმის მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საზღვარზე ბელარუსთან კრიზისი დაიწყო.

პოლონეთმა და მისმა ბალტიისპირელმა მეზობლებმა  -ლატვიამ და ლიეტუვამ  – ბელარუსის პირველ პირს ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრალი დასდეს, რომ ის ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტებს იმიტომ იზიდავს, რომ ისინი  ევროკავშირის საზღვარზე გაუშვას.

ბრიუსელმა განაცხადა, რომ ეს არის შურისძიება იმ სანქციების გამო, რომლებიც  ლუკაშენკოს რეჟიმს  ანტისამთავრობო პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის გამო დაუწესა.

აღმოსავლეთ ევროკაშირის ქვეყნებმა საზღვარზე ღობის შენება დაიწყეს და ევროკავშირს ფინანსებს სთხოვეს, რათა ემიგრანტების შესაჩერებლად ბარიერები ააგონ.

თუმცა ეს თხოვნა თხოვნად დარჩა

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი:

„ეკლიანი მავთულხლართები და კედლების აშენება არ დაფინანსდება.“

ბრიუსელის  საზღვრის სააგენტო Frontex-ს, რომელიც მიგრანტების საკითხზეა პასუხისმგებელი, საკუთარი დილემა აქვს გადასაჭრელი.

Frontex-ი  უამრავ სკანდალშია გახვეული. მათ შორისაა ვარაუდი, რომ სააგენტო თვალს ხუჭავდა საბერძნეთის საზღვარზე ხალხის არალეგალურ ქმედებაზე მიგრანტების მიმართ.

სააგენტო უარყოფს ბრალდებებს, მაგრამ მის რეპუტაციას უკვე მიადგა ჩრდილი.

ევროპის მეორე მხარეს, ბრიუსელის ყოფილი პარტნიორი და ახლა პრობლემური მეზობელი – გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან დავით იყო დაკავებული იმის გამო, რომ მიგრანტები საფრანგეთიდან არხის გავლით შედიან.

მთელი კრიზისის განმავლობაში თავშესაფრის ასობით მაძიებელი ციცქნა ნავით ყოველდღე ბედავდა ზღვაში შესვლას.

თუმცა ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ნოემბერში, როდესაც სულ მცირე 27 მიგრანტი დაიღუპა არხის გადაკვეთის მცდელობისას.

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი:

„თუ ჩვენ ორ ქვეყანას შორის მიგრანტების პრობლემის გადაჭრა გვსურს,  – რომელიც ჰუმანიტარულ პრობლემად იქცა – საჭიროა, ბრიტანეთი ისევ ჩაერთოს საქმეში, რადგან საკითხავია, რატომ არიან ეს ქალები და კაცები აქ ამ საშინელ პირობებში? იმიტომ, რომ მათ არ სურთ თავშესაფარი საფრანგეთში.“

მიუხედავად მაკრონის თხოვნისა ბრიტანელების მიმართ, ევროკავშირის საკუთარი საემიგრაციო პოლიტიკა 2021 წელს გადაუჭრელ თავსატეხად დარჩა. შეთანხმებული პოზიცია ევროკომისიის ბოლო წინადადებაზე, რომელიც ევროპაში შესასვლელი არალეგალური გზების შემცირებას ისახავს მიზნად, ეფემერული აღმოჩნდა. მიგრაცია იყო და ისევ რჩება მწვავე საკითხად, რომელზეც ევროპაში აზრი იყოფა.

როგორც ჩანს, ყველა მხარის შეთანხმება რთული იქნება.

ავტორი: აიდა სანჩეს ალონსო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend