2021 წელს შეუძლებელი იყო, რომ გარემოს დამცველებისა და პოლიტიკოსების მოწოდებები არ შეგესმინა, რადგან კლიმატის ცვლილების გამანადგურებელი ეფექტი მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა, მათ შორის ევროპაშიც.
პრესა კი ამ თემასთან დაკავშირებული პოლიტიკური თამაშებით იყო დაკავებული.
კლიმატის ცვლილების შესახებ განგაში უკვე რიგითმა ევროპელებმაც ატეხეს, რადგან გლობალურმა დათბობამ მათ კარზეც დააკაკუნა.
ედ ჰოუკინსი, რედინგის უნივერსიტეტის კლიმატურ მეცნიერებათა პროფესორი:
„კლიმატის ცვლილების გავლენა იმდენად აშკარაა, რომ იგი არა მარტო ევროპაში იგრძნობა, არამედ მთელ მსოფლიოშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ექსტრემალურ ამინდს ეხება.“
ბელგიისა და გერმანიის დამანგრეველი წყალდიდობებიდან რამდენიმე კვირაში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური ამინდი მრავალ რეგიონში უფრო ხშირი და ძლიერი იქნება.
ოქტომბერში „ევრონიუსმა“ ერთ-ერთი განადგურებული გერმანული სოფელი მოინახულა. ჩვენ ალტენარის მერისგან მოვისმინეთ, როგორ დააზარალა მოსახლეობა ამ გამორჩეულად ძლიერმა წყალდიდობამ.
კორნელია ვაიგანდი, ალტენარის მერი:
„ხალხი მზად იყო, „საუკუნის წყალდიდობასაც“ გამკლავებოდა. მაგრამ ასეთი წარღვნა, რომელმაც 10-მეტრიანი დატბორვა გამოიწვია, აქამდე არასდროს გვინახავს. ასეთი რამ არც 1910-ში და არც 1804 წელს არ მომხდარა. ამას უბრალოდ ვერავინ იფიქრებდა.“
ევროპის ზოგიერთი რეგიონი წყალდიდობას ებრძოდა, ზოგან კი ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. საბერძნეთში, განსაკუთრებულად დაზარალდა კუნძული ევბეა.
კლიმატის ცვლილების გამო ასეთი სტიქია განსაკუთრებით სასტიკი ხდება.
2021 წელს, ზაფხულში, რეკორდული სიცხეები იყო. მაგალითად, სიცილიაში, ქალაქ სირაკუზაში 48,8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც ევროპისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ფრანჩესკა დე’დონატო, ეპიდემიოლოგი, ლაციოს რეგიონის ჯანდაცვის სამსახური:
„ხშირად ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ხალხი ძლიერ სიცხეს სერიოზულად არ აღიქვამს. სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ სითბური ტალღების დროს სიკვდილიანობა ძალიან სწრაფად იმატებს.“
2021 წელს გლაზგოში მსოფლიო ლიდერები კონფერენცია კოპ26-ზე შეიკრიბნენ. ეს შეხვედრა განიხილებოდა, როგორც ბოლო შესაძლებლობა, რათა სათბურის აირების გამონაბოლქვი ატმოსფეროში წინაინდუსტრიული ეპოქის დონეზე ერთ-ნახევარი გრადუსი ცელსიუსით მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. თუმცა რთული სათქმელია, გამოიყენეს თუ არა მსოფლიო ლიდერებმა ეს შესაძლებლობა. ექსპერტები მსოფლიო ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებენ და პასიურობაში სდებენ ბრალს.
კოპ26 დადებით ნოტაზე დასრულდა, თუმცა კლიმატის კრიზისის გადაჭრისგან კაცობრიობა ჯერ ისევ შორსაა.
ავტორი: ჯერემი ვილქსი