2021 წლის ექვს იანვარს ამერიკულ დემოკრატიას დიდი საფრთხე დაემუქრა. დონალდ ტრამპის ათასობით მხარდამჭერი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ მოვლენას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის სიტყვა, რომელიც ბევრმა მისმა მხარდამჭერმა გაიგო ერთგვარ მოწოდებად, ხელი შეეშალათ სენატისათვის, დაემტკიცებინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ტრამპს მიაჩნდა, რომ ეს მოპარული არჩევნების შედეგები იყო. საჭირო გახდა სენატორების ევაკუირება. ძალადობის შედეგად კი 5 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო მდგომარეობიდან გამოსული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფიცი დადო, კამალა ჰარისი კი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ ცერემონიამ პანდემიისა და თავდასხმის შიშის ფონზე ჩაიარა, ბაიდენმა კი ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს კრიზისისა და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული მომენტია. ჩვენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და გამოწვევებს ერთად გავცეთ პასუხი,“ განაცხადა აშშ – ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმვალობაში ჯო ბაიდენმა აღმასრულებელი ბრძანებულებები გამოსცა და ამით წინასაარჩევნო დაპირებების ერთ მესამედზე მეტი შეასრულა. მაგრამ პრეზიდენტის ამბიციური გეგმების ხარჯების გამო, დემოკრატიული პარტიის უმრავლესობაში ბზარი გაჩნდა.
ივნისში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა. პრეზიდენტის მთავრი გზავნილი იყო ის, რომ ამერიკა დაბრუნდა. დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოში კი ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაუარესებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენას შეეცადა. პრეზიდენტს იგივე მიზანი ამოძრავებდა ნატოს სამიტზეც, რომელზეც ჩინეთს ალიანსის ახალი, უდიდესი გამოწვევა უწოდა.
იმავე კვირას ჯო ბაიდენი ჟენევაში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, კაცს, რომელსაც რამდენიმე კვირით ადრე მკვლელი უწოდა, რასაც დიპლომატიური კრიზისი მოჰყვა. ჯო ბაიდენმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პროგნოზირებადი ურთიერთობების აწყობის სურვილი გამოთქვა, პუტინმა კი შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.
სექტემბერში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პეკინის შეკავების მიზნით, ავსტრალიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ახალ სამხედრო ალიანსს შექმნიდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ კი პარიზისაგან წყალქვეშა ნავების შესყიდვის დიდი კონტრაქტი გაწყვიტა. ამის გამო ბაიდენმა საფრანგეთის პრეზიდენტს დიდი ოცეულის სამიტზე მოუბოდიშა კიდეც.
კოპ 26 – ის სამიტზე კი, ნახშირბადით მსოფლიოს დაბინძურების მხრივ ორმა ყველაზე პრობლემურმა სახელმწიფო რუსეთი და ჩინეთი, დასავლეთთან თანამშრომლობას დათანხმდა. თუმცა სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი ბევრმა დაიწუნა.
ბაიდენს ჩინეთის პრეზიდენტთან ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა, რომლის დროსაც განხეთქილების მთავარ მიზეზზე, ტაივანზე, ბევრი ისაუბრეს.
ავტორი: ისიდრო მურგა