საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 180 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობაა. გავრცელების შესაჩერებლად ორშაბათს მთავრობაში ახალი ზომების შესახებ განაცხადეს, თუმცა ახალი წლის ღამემდე მკაცრი შეზღუდვები არ დაწესდება. მომავალი კვირიდან კი დიდ ღონისძიებებზე განისაზღვრება დამსწრეთა რაოდენობა. კონცერტებსა და ბარებში კი მხოლოდ იმდენი ადამიანი დაიშვება, რამდენი ადგილიც იქნება გამოყოფილი ამ სივრცეში.
ერთ-ერთი მოქალაქე ჟან-ივ კლაველი ამბობს, რომ ამ ვითარებას შეზღუდვები ვერ უშველის, რადგან ეს ახალი ვარიანტები ყველასთვის უცნობია. თუმცა, მისი აზრით, მთავრობა შესაბამისად მოქმედებს, თან ცდილობს, არ შეზღუდოს მოქალაქეების პირადი თავისუფლება.
საბერძნეთში კი ბოლო 24 საათში შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში 21 657 შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 60 ადამიანი.
პორტუგალიაშიც იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. თუმცა შარშანდელი ზამთრის ტალღასთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი. ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოებში მხოლოდ 936 პაციენტი მკურნალობს მაშინ, როდესაც შარშან ამ დროს 6 869 ადამიანი იყო მოთავსებული საავადმყოფოებში.
ამავდროულად, პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა 30 პროცენტით დაიკლო. დადასტურდა ომიკრონის ვარიანტის 25 შემთხვევა. ამ დროისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის სპიკერმა ვოისიეჩ ანდრუსიევიჩმა განაცხადა, რომ მიუხედავად ომიკრონის ვარიანტით ინფიცირების დიდი რისკისა, პოლონეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი არ იზრდება. ეს მდგომარეობა კი, მისი თქმით, საშულებას იძლევა, რომ მიმდინარე კვირაში დამატებითი შეზღუდვები არ დააწესონ.
ბელგიაშიც შემსუბუქდება შეზღუდვები. სასამართლომ გააუქმა მთავრობის გადაწყვეტილება შეზღუდვებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მუშაობა განახლდება გასართობ დაწესებულებებში, მათ შორის თეატრებში.